"ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, ვინც ქრისტიანობა
სახელმწიფო რელიგიად აღიარა. მას შემდეგ მთელს ჩვენს განვითარებას
სწორედ ის სახარებისეული ფასეულობები განსაზღვრავს, რომელიც ასევე
საფუძვლად უდევს დღევანდელ ევროპას", - ამის შესახებ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი
მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმითვე, ევროპული კულტურული საგანძურის
უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ქართული რენესანსი, ხოლო ვახტანგ VI-ის
და სულხან-საბას, მოგვიანებით ერეკლე II-ის ეპოქებში, ჩვენთან,
ევროპის კვალდაკვალ ვითარდებოდა განმანათლებლობისა და
ინდუსტრიალიზაციის პროცესები.
„ევროპული ფასეულობებისა და ცხოვრების წესის, ევროპული ინსტიტიუციური
მოწყობის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული თანამედროვე ქართული
სახელმწიფოებრივი აზროვნების ფუძემდებელთა - ილია ჭავჭავაძის, ნიკო
ნიკოლაძის, ივანე ჯავახიშვილის და სხვა დიდ მამულიშვილთა მოღვაწეობა,
ამიტომ თანამედროვე საქართველო სწორედ ასეთ დიდ მემკვიდრეობას
ეფუძნება და მისი გაძლიერებისა და განვითარებისთვის ჩვენ, ხელისუფლება
და ხალხი ერთად, თავდაუზოგავად ვმუშაობთ.
ეს მემკვიდრეობა და დღევანდელი მიღწევები გვიძლიერებს რწმენას, რომ
აღმოსავლეთისა და დასავლეთის საზღვარზე მდებარე ჩვენი უძველესი
ქვეყანა, თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურითა და ენით, ნამდვილად
იმსახურებს, გახდეს ევროპის ერთიანი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი“,
- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.