ჩემი დაჭერით „ოცნებამ“ დაიჭირა საკუთარი თავი – ნიკა გვარამია
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ დიდი ხანია, პატიმრობისთვის მზად იყო და ამის გადატანა არ უჭირს, რადგან მორალური უპირატესობა აქვს.

„არ აღმოჩნდა რთული პატიმრობა, რადგან, როცა გადახაშული გაქვს [რომ დაგაპატიმრებენ], მზად ხარ, – და ამის მზაობა მაქვს დიდი ხანია… როცა მე მორალური უპირატესობა მაქვს და თავს მართლად ვგრძნობ, მაშინ არ მიჭირს. ახლაც არ მიჭირს. რომ გითხრათ, რომ მიხარია აქ ყოფნა, ეგრე არ არის. მაგრამ… რომ გითხრათ, როგორი ვითარებაა… ციხეა რა, ჩვეულებრივი ციხეა, სავსებით ნორმალური ხალხით“,
– განუცხადა გვარამიამ „მთავარი არხის“ წამყვანთან, ეკა კვესიტაძესთან სატელეფონო ინტერვიუში.

წამყვანის კითხვაზე, გვარამიას დაპატიმრებით „ვინ დაიჭირა „ქართულმა ოცნებამ“ – მედიამენეჯერი, სააკაშვილის ადვოკატი თუ პირი, რომელსაც ყველაზე მეტი გავლენა ჰქონდა პოლიტიკურ პროცესებზე“, გვარამიამ უპასუხა:

„ჩემი აზრით, ჩემი დაჭერით „ოცნებამ“ დაიჭირა საკუთარი თავი და, სამწუხაროდ, არ დაიჭირა, მაგრამ შეაყოვნა საქართველოს ევროპული განვითარება“.


ეს იყო პირველი (სატელეფონო) ინტერვიუ ნიკა გვარამიასთან მისი დაპატიმრების შემდეგ.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.
წყარო: ნეტგაზეთი
Print