„გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ — მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები კამპანიას იწყებენ
არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მედიებთან ერთად ახალ კამპანიას იწყებენ სახელწოდებით „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“.

კამპანიის პრეზენტაციაზე ორგანიზაციებმა ერთობლივი მანიფესტი წაიკითხეს, რომელშიც ხაზგასმულია ქართველი ხალხის მისწრაფება ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ:

„ჩვენი სამშობლოსთვის ისტორიული ეტაპი დგება. რამდენიმე კვირაში გადაწყდება, როგორი იქნება ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. დღეს დადგა დრო, როდესაც ჩვენ, ამ ქვეყნის ყველა ცოცხალმა თაობამ, როგორი იმედგაცრუებულები და დაღლილებიც არ უნდა ვიყოთ, უნდა გადავწყვიტოთ – გვინდა თუ არა საქართველომ, მისმა ხალხმა, უძველესმა კულტურამ და დაუღალავმა სწრაფვამ განვითარებისკენ ახალი მუხტი შეიძინოს და ჩვენი, როგორც სახელმწიფოს და ერის გზა გაგრძელდეს.

რამდენიმე თაობაში ერთს ერგება ხოლმე უდიდესი პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ დაიმკვიდროს თავისი სახელმწიფო და მისი მომავალი. და თუ, თაობიდან თაობამდე, ისევ და ისევ, ხალხი ირჩევს სიცოცხლეს და არა უღირს დასასრულს, მომავალს და არა გაქრობას, თავისუფლებას და არა მონობას – ქვეყნის და მისი ხალხის გზა გრძელდება და ასეთ ხალხს არ უწერია დასასრული და გადაშენება. ჩვენამდე არაერთმა რჩეულმა თაობამ გააკეთა ეს არჩევანი და ასე გადმოგვცა ჩვენი სახელმწიფო დასაცავად, მოსაფრთხილებლად და ასაყვავებლად“
– აცხადებენ კამპანიის მონაწილეები.

მათი თქმით, ღირსება და თავისუფლება ქართველების ცხოვრების წესი და რაობაა და აღნიშნავენ, რომ ქართველი ხალხი საქართველოს ევროპულ მომავალს ირჩევს. ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ირჩევს ევროპულ გზას, რადგან: საქართველო თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანაა და ხაზს უსვამენ, რომ არ არსებობს არჩევანი “სახელმწიფოსა და სამშობლოს”, “თავისუფლებასა და უსაფრთხოებას” შორის:

„სამშობლო – თავისუფალი სახელმწიფოა; უსაფრთხოება – თავისუფლების დაცვა. დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, რადგან: საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი – არავის, ქონების, წოდებისა და დიდების მიუხედავად, არ უნდა ჰქონდეს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება. დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: ხელისუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით იცვლებოდეს – ხელისუფლების გადაცემა ბუნებრივი მოვლენა იყოს და არა იშვიათი გამონაკლისი“ – წერია ერთობლივ განცხადებაში.

კამპანიაში ჩართული მხარეები აცხადებენ, რომ დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ირჩევს ევროპულ გზას, იმისთვის რომ: კანონი უზენაესი და ადამიანის უფლებები აღიარებული და დაცული იყოს – არა მმართველის ნება, არამედ კანონია უზენაესი და მის წინაშე ყველა თანასწორია.

ვინაიდან, მათი თქმით, არავინ დგას კანონზე მაღლა. მანიფესტის ხელმომწერები აცხადებენ, რომ ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ირჩევს ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: მოქალაქე სამართალს დამოუკიდებელ და კვალიფიციურ სასამართლოში პოულობდეს – სადაც კანონის მიმართ ყველა თანასწორია და განაჩენს ვერავინ უკვეთავს ან ყიდულობს:

„დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელი და დაცული იყოს – არავინ იდევნებოდეს აზრის გამოთქმისთვის და ცენზურა ან მედიაზე ზეწოლა კანონით ისჯებოდეს. დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: სიღატაკე აღარ არსებობდეს – არავინ იყოს ქუჩაში უსახლკაროდ და მშიერი, პენსიონერებს ღირსეული სიბერე ჰქონდეთ გარანტირებული.

დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: სახელმწიფო ებრძოდეს და ამარცხებდეს კორუფციას – მმართველების ხელდასმული მოხელეები არ ძარცვავდნენ სახელმწიფოს, ხაზინის ქურდები – ისჯებოდნენ. დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და ბუნება იყოს დაცული – ეროვნულ საგანძურს და ბუნებრივ რესურსებს უფრთხილდებოდნენ და ხელისუფალნი უკანონოდ არ ასხვისებდნენ. ამიტომ დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროკავშირს“
– წერია მანიფესტში, რომელიც კამპანიის პრეზენტაციისას მასში მონაწილე მხარეებმა წაიკითხეს.

განცხადების ავტორების თქმით, ეს წინაპრების, თავისუფლებისთვის, სახელმწიფოებრიობისა და განვითარებისთვის ბრძოლის ღირსეული გაგრძელებაა, რამაც საქართველო თავისუფალი სამყაროს ნაწილად უნდა აქციოს, ხოლო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო, მშვიდობიანი და ღირსეული ცხოვრება უზრუნველყოს:

„მომავალი თაობები სწორედ იმით განგვსჯიან – თუ რა გავაკეთეთ – თუ რა გააკეთე შენ – როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა. მხოლოდ იმ ხალხს დაუმკვიდრებია თავისუფალი და სამართლიანი ქვეყანა, რომელიც უამრავი განსხვავების და უთანხმოების მიუხედავად, ერთიანი ყოფილა იმაში, რომ სწორედ ასეთი ქვეყანა ეკუთვნის და ნაკლებს ვერ დასჯერდება. დავდგეთ ერთად და გადავდგათ ნაბიჯი ევროპისაკენ“
– აცხადებენ ხელმომწერები.

ივნისის პირველ ნახევარში ევროკომისია საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოსაზრების დოკუმენტს წარადგენს, რომელზე დაყრდნობითაც მოგვიანებით გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია