ვის ეკუთვნის და რა შემოსავალი ჰქონდა „ვენდისს“ პანდემიურ 2020 წელს
პანდემიურ 2020 წელს შემოსავლები ბიზნესების დიდი ნაწილის მსგავსად, „ვენდისსაც“ შეუმცირდა. ამის შესახებ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული.

კერძოდ, „ვენდისის“ შემოსავალმა 2020 წელს 22 368 435 ლარი შეადგინა. მაშინ, როცა პანდემიამდელ 2019 წელს ეს მაჩვენებელი 25 441 996 ლარი იყო.

ანგარიშგების თანახმად, 2020 წელი კომპანიამ ზარალით დაასრულა. კერძოდ, „ვენდისის“ წლიური მთლიანი სრული ზარალი 17 847 705 ლარი იყო. ამასთან, როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, ხელფასები და თანამშრომელთა სხვა სარგებელი - 4 882 490 ლარი, გამოყენებული მარაგის ხარჯი - 10 679 400 იყო.

ფინანსური დოკუმენტაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში კომპანიას მოგების გადასახადი არ გადაუხდია. ამასთან, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ვენდისის“ საკუთრებაში 25 132 495 ლარის აქტივები იყო.

ცნობისთვის, სს ვენჯორჯია „(ვენდის) დაარსდა 2011 წლის იანვარში. ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის 100%-იან მფლობელს წარმოადგენს „გლობალ ინვესტორს ლიმიტედ“. კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები კი არიან სამსონ ფხაკაძე (აქციების 50%-ის მფლობელი) და ლევან ფხაკაძე (აქციების 50%-ის მფლობელი).

„ვენდისმა“ საოპერაციო საქმიანობა დაიწყო 2015 წელს. „ვენჯორჯია“ წარმოადგენს სწრაფი კვების რესტორნების ქსელს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ბურგერებს, სასმელს, გაყინულ დესერტს და სხვა. კომპანია ოპერირებს „ვენდის გლობალ რესტორნისგან“ (Wendy’s Global Restaurants) მიღებული ფრანშიზის უფლებით.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები