სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მე-2
ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის, ელექტრონული რეცეპტით
გაცემის მონიტორინგი 1 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით 786 აფთიაქში
განახორციელა.
მედიკამენტების რეალიზაციის წესის დარღვევა 586 შემთხვევაში
გამოვლინდა, მათგან 29 შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევა
დაფიქსირდა განმეორებით. ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ს ჯანდაცვის
სამინისტროდან მიაწოდეს.
მათ მიერ გამოგზავნილი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გამოვლენილ
დარღვევებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და
გადაეგზავნა სასამართლოს. მონიტორინგი, საქართველოს მასშტაბით, როგორც
ქსელურ, ასევე არაქსელურ აფთიაქებში განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი მარტიდან, მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის
რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გამოიწერება და
დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა.
აფთიაქებში მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტით გაცემის კონტროლის
ღონისძიებები 1 აპრილიდან დაიწყო.
ასევე უწყებიდან BMG-თვის მოწოდებული სტატისტიკური ინფორმაციის
მიხედვით, 1 მარტიდან 8 ივნისამდე გამოწერილი რეცეპტების რაოდენობა -
857,000-ია. 11 აპრილიდან გამოწერილი რეცეპტების რაოდენობა -
630,000-ს აღწევს, საიდანაც გენერიკული რეცეპტების რაოდენობა საერთო
რიცხვის 74%, ანუ 467,000 -ია.