პირველკლასელებისთვის 700 ათას ლარად ჭადრაკის დაფებს შეიძენენ
700 ათასი ლარია გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებისთვის საჭირო სადემონსტრაციო ჭადრაკის დაფების შესაძენად. დაფებს პირველკლასელებისთვის შეიძენენ, ვინაიდან ახალი სასწავლო წლიდან პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო იქნება.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ჭადრაკის დაფების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 20 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

სააგენტო, ტენდერის ფარგლებში, 4 000 ცალ ჭადრაკის სადემონსტრაციო დაფას შეისყიდის. მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 დღეში.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სატენდერო კომისიის ოქმიდან:

„16 ივნისს, სააგენტოში განათლების სამინისტროდან შემოსულია წერილი, რომლითაც სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ I კლასში სავალდებულო საგნად დაემატა ჭადრაკი.

იმისათვის, რომ 2022-2023 სასწავლო წლიდან სკოლებში წარმატებით განხორციელდეს ჭადრაკის სწავლების პროცესი, აუცილებელია სკოლების შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა. კერძოდ, 2022 წლის 15 სექტემბრამდე სკოლებს აუცილებელია მიეწოდოს ჭადრაკის სადემონსტრაციო დაფები.

სააგენტომ განახორციელა ბაზრის კვლევა. შემოთავაზება მიღებული იქნა ოთხი კომპანიისაგან:
  • პირველი კომპანია – ერთეულის ფასი 115 ლარი – ჯამში 460 000 ლარი, მოწოდების ვადა 4-5 თვე;
  • მეორე კომპანია – ერთეულის ფასი 130 ლარი – ჯამში 520 000 ლარი, მოწოდების ვადა 5-6 თვე;
  • მესამე კომპანია – ერთეულის ფასი 175 ლარი – ჯამში 700 000 ლარი, მოწოდების ვადა მაქსიმუმ 35 კალენდარული დღე, ეტაპობრივად;
  • მეოთხე კომპანია – ერთეულის ფასი 365,8 ლარი – ჯამში 1 463 200 ლარი, მოწოდების ვადა 120-140 სამუშაო დღე.

ბაზრის კვლევის შედეგად, მართალია მესამე კომპანიასთან შედარებით დაბალი ფასი დაფიქსირებული აქვთ პირველ და მეორე კომპანიას, მაგრამ მათ მიერ მითითებული მოწოდების ვადები არის 4-5 და 5-6 თვე, სამინისტროდან მიღებული დავალებით კი ჭადრაკის სადემონსტრაციო დაფების მიწოდება სკოლებისათვის უნდა მოხდეს 2022 წლის 15 სექტემბრამდე.

რომ არ მოხდეს მოსწავლეთა უფლებების დარღვევა და მათ სწავლის დასაწყისიდანვე შეძლონ სრულყოფილად განათლების მიღება, მიზანშეწონილია შესყიდვის ფასი ერთეულ ჭადრაკის სადემონსტრაციო დაფაზე განისაზღვროს 175 ლარით, ხოლო მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 კალენდარული დღით (საქონლის ეტაპობრივად მოწოდებით).

ამასთან, დაფასა და ფიგურებს უნდა მოყვეს ლაზიერისა და პაიკის თითო სათადარიგო ფიგურა“

დაფის მახასიათებლების სანახავად დააწკაპუნეთ აქ


საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით, პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო იქნება, რადგან „ამ საგნების სწავლამ მოსწავლეს უნდა შესძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში“.

ამავე ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს.

თუმცა, პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება იმ შემთხვევაშია სავალდებულო, თუკი სკოლას შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი ჰყავს.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია