ბაირაქტარის საყიდლად უკრაინელმა ტელეწამყვანმა ერთ დღეში 12 მილიონი დოლარი შეაგროვა
უკრაინელმა ტელეწამყვანმა და მსახიობმა სერგი პრიტულამ, თავის გუნდთან ერთად, აქცია „ხალხის ბაირაქტარი“, გუშინ, დილის 9 საათზე დაიწყო. მიზანი საბრძოლო დრონის საყიდელი ფულის შეგროვება იყო. 23 ივნისს, დილის 9 საათზე ფონდის ანგარიშზე უკვე 296 მილიონი გრივნა მოგროვდა.

„ჩვენ ფულის შეგროვება დავიწყეთ „ხალხის ბაირაქტარისთვის“, კარგად გვესმოდა რა ბიუჯეტს ვეჭიდებოდით, მაგრამ გვესმოდა ისიც, თუ როგორ შეგვეძლო გაგვეძლიერებინა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები.

თქვენ 296 000 000 შემოგვწირეთ.

ამას თუ დავამატებთ იმ თანხას, რომელიც ჩვენმა ფონდმა ამ პროექტისთვის გამოყო, ახლა სულ 366 000 000 გრივნა გვაქვს.
რაც უკვე ორ ბაირაქტარს ნიშნავს!!!

ერთდროულად ორს!!!

თქვენ რაღაც საოცარს აკეთებთ და ისტორიას ქმნით!

წინ მესამე საფრენი აპარატია!“ – წერს სერგი პრიტულა თავის ფეისბუქ გვერდზე.


სერგი პრიტულა/ფოტო: ფეისბუქგვერდიდან

ბაირაქტარ TB2-ს, თურქული წარმოების უპილოტო საბრძოლო საფრენ აპარატს, უკრაინის „იმედის იარაღსაც“ უწოდებენ. დრონი 2015 წლიდან გამოიყენება, მას ჰაერში დაახლოებით 24 საათი გაჩერება და 7 კილომეტრის სიმაღლიდან 2,5-დან 37,5 კილოგრამამდე მართვადი საბრძოლო მასალის მიზანში სროლა შეუძლია.

366 მილიონი გრივნა დაახლოებით 12 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარია. ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ფასი კი დაახლოებით – 5 მილიონი ევრო.

უკრაინისთვის ბაირაქტარის საყიდლად ივნისში თანხის შეგროვება დაიწყო ლიეტუველმა მწერალმა და ჟურნალისტმა ანდრიუს ტაპინასმა. თუმცა მას შემდეგ, რაც თანხის შეგროვების აქცია დასრულდა, დრონების მწარმოებელმა თურქულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ლიეტუველებს ბაირაქტარს უფასოდ გადასცემდა.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის თქმით, გადაწყდა, რომ შეგროვილი ფულით, რომელიც ლიეტუველებს დრონში უნდა გადაეხადათ, ამავე საფრენი აპარატისთვის საჭირო საბრძოლო მასალას შეიძენდნენ, დარჩენილი ფულით კი ასევე უკრაინას დაეხმარებოდნენ.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია