შშმ პირთა საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - წევრები მას ახლო მომავალში გაიცნობენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. როინ დეკანოიძის ნაცვლად საბჭოს მერის ერთ-ერთი მოადგილე, თემურ შუბითიძე უხელმძღვანელებს. დაახლოებით ხუთი თვეა, რაც საბჭო აღარ შეკრებილა და  მათთვის საჭირო საკითხებზე არ უმსჯელია. არადა, მათი პრობლემები მინიმუმ ყოველ სამ თვეში უნდა გადახედულიყო.  რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში თემურ შუბითიძე ამბობს, რომ წევრების გაცნობას უახლოეს მომავალში გეგმავს. არ გამორიცხავს, რომ სხდომა 24 ივნისს ჩაინიშნოს.

„დღე-დღეზე ვგეგმავთ შეხვედრას. შეიძლება, ამ კვირაში ჩატარდეს. ვერ ვიკრიბებით ხოლმე ყველა ვინც საბჭოში ვართ, ზოგს ხან  ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ხოლმე, ხან რა. შეიძლება ხვალაც ჩატარდეს. ვიცით, რომ ძალიან დაგვიანებულია და გვინდა სასწრაფოდ ჩავატაროთ. პირველად ვხვდები მათ და რომ გითხრათ რამე გეგმები მაქვს-თქო ჯერ არა, იმიტომ, რომ მათგან არ მომისმენია რა მიმართულება აწუხებთ. მათი ხედვებია ჩვენთვის ყველაზე მთავარი და რომ შევხვდებით, ერთად გადავწყვეტთ“ - ამბობს თემურ შუბითიძე

შშმ პირთა საბჭო სულ 9 წევრისაგან შედგება. მასში მარნეულის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, შშმ პირები,  შშმ ბავშვთა მშობლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.

2022 წლიდან  შშმ პირებისთვის დაიგეგმა ათი ერთეული ხმოვანი წნევის აპარატის შეძენა, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა და დახმარებების 30 ლარით გაზრდა.

ამ ეტაპისათვის კი მხოლოდ ერთი მოთხოვნა, დახმარების 30 ლარით გაზრდა შესრულდა. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 130  ლარს, ხოლო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ახლა 100  ლარს იღებენ.

ჯერჯერობით უცნობია, გააგრძელებს თუ არა შშმ პირთა საბჭოს ახალი თავმჯდომარე დაწყებულ ინიციატივებს და რა ახალ შესაძლებლობებს შექმნის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია
Print