ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატობას პირობების შესრულების შემდეგ
ევროპარლამენტმა, 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ, მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, „დაყოვნების გარეშე“ მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას.

მათ იგივე უნდა გააკეთონ საქართველოსთან მიმართებაში, „მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა შეასრულებს“ ევროკომისიის მიერ მითითებულ პირობებს.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის სასტიკი ომის კონტექსტში, ეს ნაბიჯი უტოლდება ლიდერობის, გადაწყვეტილების და ხედვის გამოვლენას. ამასთნ, ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ არ არსებობს „სწრაფი გზა“ ევროკავშირში წევრობისთვის და რომ გაწევრიანება რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ და სტრუქტურირებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების შესრულებას და დამოკიდებულია რეფორმების ეფექტურ განხორციელებაზე.

ევროპარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას, „ცალსახად აჩვენონ თავიანთი პოლიტიკური შეუპოვრობა თავიანთი ხალხის ევროპული ამბიციების განსახორციელებლად“, დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.

„უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან“, — ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ალტერნატივა არ აქვს გაფართოებას, რაც „არის ყველაზე დიდი გეოსტრატეგიული ინვესტიცია“ სტაბილურ, ძლიერ და გაერთიანებულ ევროკავშირში. ევროპარლამენტარები ითხოვენ გაფართოების პროცესის „ხელახლა გააქტიურებას“ და დასავლეთ ბალკანეთთან მიმართებაში პროცესის განბლოკვას.

22 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართა დებატები ევროპული საბჭოს დეგეგმილ სხდომასთან დაკავშირებით, რომელიც 23-24 ივნისს გაიმართება. ევროპარლამენტში გამომსვლელების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკომისიის დასკვნას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინისა და მოლდოვისთვის, ხოლო საქართველოსთვის — როგორც კი ის დააკმაყოფილებს აუცილებელ პირობებს.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანმხლები პირობებით, ხოლო საქართველოს შემთხვევაში წარმოადგინა წინაპირობები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს სტატუსის მიღებამდე. ევროკომისია ასევე აღიარებს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

წყარო: ნეტგაზეთი
Print