5 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტს გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები 1,519 მლრდ ლარით გაეზარდა
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 5,765 მლრდ ლარი შევიდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.8%-ით, ანუ დაახლოებით 1,519 მლრდ ლარით მეტია.

რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლებს კონკრეტული გადასახადების მიხედვით, 2022 წლის 5 თვეში საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტმა დაახლოებით 1,897 მლრდ ლარი მიიღო, მოგების გადასახადიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 887 მლნ ლარი შეადგინა.

იანვარ-მაისში ბიუჯეტმა დამატებითი ღირებულების გადასახადიდან (დღგ) ყველაზე მეტი 2,266 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდს დაახლოებით 490 მლნ ლარით აღემატება.

მიმდინარე წელს საგადასახადო შემოსავლების მატების მთავარი მიზეზი საშემოსავლოს, მოგებისა და დღგ-ს გადასახადებიდან გაზრდილი შემოსავლებია. ცხადია ამ უკანასკნელის ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ქვეყანაში არსებული ინფლაციის მაღალი დონეა.

ამასთან, აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში დაახლოებით 612 მლნ ლარი შევიდა, იმპორტის გადასახადიდან 42 მლნ ლარი, ხოლო სხვა გადასახადებიდან 2022 წლის 5 თვეში ბიუჯეტში დაახლოებით 61 მლნ ლარი შევიდა.

წყარო: BPN
Print