მიშელთან შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს EU -ის რეკომენდაციების შესასრულებლად - მთავრობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს, მოგვიანებით ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზეც დაწერა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხილვას დაეთმო.

„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად,“-
ნათქვამია ადმნისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია არა მხოლოდ რომელიმე მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია.


წყარო: პუბლიკა


Print