გასულ წელს გარდაცვლილთა 18.8%-ში მიზეზი კორონავირუსი იყო
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, რომელზეც მოდის გარდაცვლილთა 37 პროცენტი, კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (18.8 პროცენტი) და სიმსივნეები (12.8 პროცენტი).

„საქსტატის“ ცნობით, ასაკთან მიმართებაში იცვლება გარდაცვალების მიზეზები ძირითადი კლასების მიხედვით.

კერძოდ, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2021 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19).

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები