უკრაინის შს მინისტრის მოადგილე - რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით 20 000-მდე საქმეა აღძრული
რუსეთის ფედერაციის სამხედროების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით უკვე აღძრულია 20 000-მდე სისხლის სამართლის საქმე, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინა პავლიჩენკომ ზაპოროჟიეში განაცხადა.

„დღეს სამართალდამცავი უწყებები, ეროვნული პოლიცია პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა განყოფილებებთან ერთად მუშაობენ იმ დანაშაულების დოკუმენტირებაზე, რაც რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა უკრაინის ტერიტორიაზე. ეროვნული პოლიციის მიერ უკვე აღძრულია 20 000-მდე სისხლის სამართლის საქმე უკრაინის მასშტაბით. საუბარია მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, აღნიშნული დანაშაულები მოიცავს სექსუალური ძალადობის ფაქტებსაც.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print