ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. სულ ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყო.

08:00 საათზე, თბილისის #175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე იმყოფება, რომელიც საგამოცდო პროცესის მსვლელობას აკვირდება.

საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.

შეგახსენებთ, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 2 500-ზე მეტი სტუდენტი. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 9 500-ზე მეტი მაგისტრანტობის მსურველი დარეგისტრირდა. მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად კი სულ 34 500-ზე მეტი მსურველია რეგისტრირებული.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print