"ლარი რომ სტაბილური არ იყოს, ფასებიც გაცილებით გაიზრდებოდა“
მსოფლიოს არაერთი წამყვანი ლიდერი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ „სასურსათო ომი“ შესაძლოა კატასტროფული აღმოჩნდეს ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც პური მთავარი საკვები პროდუქტია. ეს გლობალური პრობლემა საქართველოსაც მოიცავს

საქართველოში ფასების პრობლემა ერთ-ერთი არსებითი საკითხია. არადა, ზაფხულში ტრადიციულად ინფლაცია მცირდება ხოლმე მთელი რიგი ფაქტორების გამო. რა განაპირობებს დღეს ინფლაციის მაღალ დონეს, არის ეს მსოფლიო კრიზისის გამოძახილი თუ ადგილზე დამატებითი პრობლემებიც უწყობს ხელს, ამ საკითხებზე ეკონომისტს, აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრეთ.

- ფასების მატების ბუნება რომ გავიგოთ საქართველოში, უნდა გავიაზროთ გლობალური პროცესები. ადრეც მითქვამს, რომ ვგულისხმობ ორ რამეს - რუსეთის ომი უკრაინაში და მისი წინამორბედი კოვიდპანდემია, რამაც ასევე შექმნა ეკონომიკური კრიზისის საფუძველი. დღევანდელი მაღალი ინფლაცია მხოლოდ ამ ორი ფაქტორით არის განპირობებული. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პანდემიის დროს, როცა ვირუსი არაპროგნოზირებულად და სწრაფად ვრცელდებოდა, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა ეკონომიკა დროებით ჩაკეტეს, რამაც მთელი რიგი დარგების საწარმოთა გაჩერება გამოიწვია, საწარმოთა გაჩერებამ კი განაპირობა მიწოდების გლობალური ჯაჭვების შეფერხება, ცალკეულ შემთხვევებში, რღვევაც კი. შედეგად საწარმოთა კავშირი გლობალურად მოიშალა და არა მარტო ცალკეული ქვეყნების დონეზე, რამაც უკვე მიწოდების შემცირება განაპირობა, მიწოდების შემცირებისას კი ფასები იმატებს. ასე რომ, ფასების ზრდა დაიწყო ჯერ კიდევ პანდემიის დროს და შევახსენებ მკითხველს, რომ 2021 წელს საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 13,9% შეადგინა. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო და არსებითად გადაფარა საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვქონდა 10,5%-ის დონეზე. უკვე შარშან ეკონომიკის გამოცოცხლების კვალობაზე, რასაც წინ უძღოდა ვაქცინაციის პროცესის დაწყება, შეიქმნა მოლოდინი, რომ წლეულს მიწოდების ახალი გლობალური ჯაჭვების ფორმირება მოხდებოდა, გაიზრდებოდა მიწოდება და ინფლაციაც შედარებით შემცირდებოდა. მაგრამ პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს დაემატა ომი უკრაინაში, რასაც დასავლეთის ეკონომიკური სანქციები მოჰყვა. ეს კი ნიშნავს ამ ქვეყნების გათიშვას მიწოდების გლობალური ჯაჭვებიდან, საიდანაც აგრეთვე ამოვარდა რუსეთი და მისი სტრატეგიული პარტნიორი ზოგადად და უშუალოდ ამ ომში - ბელარუსი. ამან მიწოდების ჯაჭვების რღვევის პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა. ეს პრობლემა მთელი მსოფლიოსია! აშშ-ში რესპუბლიკელებმა ასეთი ტერმინი მოიგონეს, "ბაიდენფლაცია" - ანუ ინფლაციას აბრალებენ ბაიდენს. თუმცა, რა თქმა უნდა, იქაც ეს ბაიდენის პრობლემა არ არის, მაგრამ ეს მაგალითი ხაზს უსვამს, რამდენად პოლიტიკურ რანგშია აყვანილი ინფლაციის საკითხი, თუნდაც ამერიკაში.

წყარო: BPN
Print