ფაქტია, ზურაბიშვილმა ევროინტეგრაციაში უარყოფითი როლი შეასრულა – კობახიძე
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროინტეგრაციის საკითხში უარყოფითი როლი შეასრულა. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 23 ივლისს მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეკითხვას უპასუხა, აქვს თუ არა ხელისუფლებას პრეზიდენტის მხარდაჭერის იმედი ევროინტეგრაციის გზაზე, კობახიძემ უპასუხა:

“ფაქტია, რომ აქამდე მან, სამწუხაროდ, უარყოფითი როლი შეასრულა [ევროინტეგრაციის საკითხში]. როდესაც პრეზიდენტი ჩადის ბრიუსელში, მერე ჩამოდის და ამბობს, რომ შარლ მიშელმა რაღაცები უთხრა და მას პასუხი არ ჰქონდა, ესეც არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ რატომ უნდა წავიდეს ვიზიტით მთავრობა და არა პრეზიდენტი. მთავრობა როდესაც მიდის, ის ობიექტურად და სუბიექტურადაც დაინტერესებულია, ბოლომდე დაიცვას ქვეყნის პოზიციები, მთავრობის პოზიციებიც და ქვეყნის პოზიციებიც. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ვიღაც აკრიტიკებს მთავრობის, პარლამენტის, ან მმართველი გუნდის საქმიანობას, მთავრობა სუბიექტურადაც არის დაინტერესებული, საკუთარი პოზიციები დაიცვას, პრეზიდენტს კი ეს ინტერესი არ აქვს.

აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ჩავიდა მაგალითად, მიშელთან, ვერც მოახერხა და არც მოახერხა ქვეყნის პოზიციების დაცვა. პირიქით, მერე გამოვიდა, ბრიფინგი ჩაატარა, ათი რაღაც თქვა და რეალურად, ათივე სინამდვილეს იყო აცდენილი. რეალურად, ბრჭყალებში, დაასაბუთა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა. როდესაც პრეზიდენტს თვითონ არ სჯერა, რომ ქვეყანა დემოკრატიულად წელშია გამართული და ასე მიდის ვიზიტით ბრიუსელში, იმან რა პროდუქტიული როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ევროინტეგრაციაში?!”,
– განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 14 მარტს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ მას უარი უთხრა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე, რის ფონზეც “საჭიროდ მიიჩნია საკუთარი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა”.

მანამდე, 26 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მიიწვია.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხმამაღლა საუბრობდა უკრაინის მხარდაჭერაზე. პარალელურად, „ქართული ოცნება“ და პრემიერი ღარიბაშვილი საჯაროდ ცდილობდნენ საკითხიდან დისტანცირებას.

რაც შეეხება ევროინტეგრაციას, გასულ თვეში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა, თუმცა მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების შემდეგ მიანიჭებდა.

აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია ყველა იმ საკითხზე, რომლის მოგვარებისკენაც საქართველოს მოუწოდებენ ევროპული ინსტიტუციები ბოლო პერიოდში – პოლიტიკურ დიალოგზე, არჩევნებზე, სასამართლო რეფორმაზე, „დეოლიგარქიზაციაზე“, მედიის უფლებებზე და ა.შ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები