ლევან ხაბეიშვილი - სადაც ოლიგარქად არ მოიხსენიებენ ივანიშვილს, სიარულს არ ვაპირებთ, პაპუაშვილი-კობახიძე-მდინარაძე არავის მონატრებია - სხვა მიმართულებით, როდესაც ქვეყნის მომავალს ეხება საქმე, ეშმაკთანაც მზად ვარ სასაუბროდ
შეხვედრებზე, სადაც ოლიგარქად არ მოიხსენიებენ ივანიშვილს, სიარულს არ ვაპირებთ, ცხადია პაპუაშვილი, კობახიძე და მდინარაძე არავის მონატრებია, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში, მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც ხაბეიშვილმა „პალიტრანისუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციამ რამეს ხელი ჰკრა არასწორია, ვინაიდან, თავად „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ჰკრა ევროკავშირს ხელი.

„მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ კონკრეტულ შეხვედრებში, მაგრამ ეს უნდა იყოს საქმიანი შეხვედრა. შეხვედრებზე, სადაც ოლიგარქად არ მოიხსენიებენ ივანიშვილს, სიარულს არ ვაპირებთ, ცხადია პაპუაშვილი კობახიძე და მდინარაძე არავის არ მონატრებია. სხვა მიმართულებით, ნებისმიერთან მზად ვართ სასაუბროდ, უბრალოდ ეს საუბარი დარჩება საუბრად თუ კონკრეტულ ქმედებებზე არ გადავალთ. როდესაც ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება ეშმაკთანაც მზად ვარ სასაუბროდ. ევროპარლამენტარები ღიად ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაცია ივანიშვილს ეხება და სასამართლო პრობლემაა, იქ სადაც ამბობენ, რომ სასამართლოში „კლანი“ არ არის, არ ვაპირებთ საუბარს. გამართულიყო პარლამენტის სხდომა და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიგვეღო, ეს ხომ არ იქნებოდა პრობლემა. საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციამ ჰკრა რამეს ხელი არასწორია, თავად „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ჰკრა ევროკავშირს ხელი“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, წამყვანის კითხვაზე გადავიდა თუ არა უკანა პლანზე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, ხაბეიშვილის თქმით, ამ თემის შესახებ ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე საუბრობენ და „შედეგიც სახეზეა“.

„ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრს ვმუშაობთ. პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტულია. არ მეგულება ბევრი ადამიანი ვისაც სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკური წონა აქვს და მის მსგავსად შეუძლია ქვეყნის დახმარება. ჩვენ ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე ამაზე ვსაუბრობთ და მგონი შედეგიც სახეზეა - ევროპარლამენტარები ამ მიმართულებით ღიად აფიქსირებენ თავის პოზიციას, თუმცა ქვეყნის შიგნით არის დიქტატურა, ასე სურთ და ტყვედ ჰყავთ გამოკეტილი“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები