რუსეთი ოკუპანტია, ნუ მოუსმენ რუსულ ესტრადას – ახალი ბილბორდი ბათუმში
„რუსეთი ოკუპანტია, ნუ მოუსმენ რუსულ ესტრადას“ – ამ შინაარსის ბილბორდი ბათუმში გამოჩნდა. ბანერი კომპანია „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ნაწილია, რომელიც ახალ საგზაო მოძრაობის კულტურას უკავშირდება.

„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ – ამ დევიზით დავიწყეთ ახალი კამპანია, რომლის ფარგლებში მანკიერი ქცევების აღმნიშვნელი საგზაო ნიშნები შევქმენით. სწორედ ამ კამპანიის ნაწილია ეს საგზაო ნიშანი, რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას, არ უსმინოს რუსულ ესტრადას. ვფიქრობთ, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, სწორედ კულტურის ნაწილია ის, რომ ქუჩებსა და გზებზე მოძრაობის დროს არ გვხდებოდეს რუსული სიმღერები. დარწმუნებულები ვართ, თანამოაზრეების შემოკრებას შევძლებთ და ერთად ვიზრუნებთ საგზაო მოძრაობის კულტურაზე – რადგან გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა.“ ამბობს „ნეტგაზეთთან“ ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, საგზაო მოძრაობის კულტურასთან დაკავშირებული კამპანია გრძელვადიანია.

„ნუ მოუსმენ რუსულ ესტრადას“ – გარდა ამ ბილბორდისა, კამპანიის ფარგლებში სხვა მანკიერ საგზაო ქცევებზეც არის ყურადღება გამახვილებული, მაგალითად, ახალი საგზაო ნიშნები შეეხება ისეთ ქცევებს, როგორიცაა ავტომანქანიდან ნაგვის გადაყრა, ხმამაღალი, არასაჭირო სიგნალი, საბავშვო სავარძლების (ქარ სითების) არგამოყენება ავტომანქანებში, გენდერულად დისკრიმინაციული სტიკერების განთავსება მანქანებზე და სხვა.

ამ დროისთვის, კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა ქალაქში 20 ახალი საგზაო ნიშნის 100-ზე მეტი ბილბორდია განთავსებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები