საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი, მიხეილ
სააკაშვილის განცხადებით, უკრაინას სრული გამარჯვებისთვის, ყველაზე
პესიმისტური სცენარით, 10 თვე დასჭირდება.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინის სამხედრო
ხელმძღვანელობა არ ჩქარობს - ამიტომ ცოტა შეცდომას უშვებს ბრძოლის
ველზე.
„უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ჩემი
შეფასება: დღეისათვის უკვე 1800 ტანკი გავანადგურეთ. საშუალოდ, დღეში,
5 ტანკს ვანადგურებთ.
ჩემი აზრით, საჭიროა 3000-3500 ტანკის განადგურება, რათა შეტევითი
პოტენციალი მთლიანად გაუქრეთ. თუ ეს ტემპი შენარჩუნდა - 240-300 დღე
იქნება საჭირო ამისთვის - ასე რომ, ყოველი დღე მოწინააღმდეგისთვის
ცუდად მუშაობს. ხერსონის შეტევის დაანონსების მერე დიდი შეტევითი
პოტენციალი გადმოისროლეს ხერსონის მხარეს და 25 000 კაცამდე მოაგროვეს
- არის ინფორმაცია, რომ შეიძლება შეუტიონ ნიკოლაევს - მაგრამ მე ეგ
სიგიჟე მგონია - ძალიან რთული ამოცანა იქნება და ძალიან მძიმე ფასის
გადახდა მოუწევთ და მაინც ძალიან ცოტა შანსია წარმატების.
მე მომწონს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა არ ჩქარობს - ამიტომ ცოტა
შეცდომას უშვებს ბრძოლის ველზე. საბოლოო სრული გამარჯვებისთვის
უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება. სერიოზული
დისონანსი შეიტანა ჰაიმარსებმა ბრძოლის ველზე - ყოველდღე საშუალოდ 5
საწყობს და 1-2 მართვის პუნქტს ანადგურებს ჰაიმარსი. არტილერიაც ისე
ვეღარ ისვრის - ჰაიმარსი ამაშიც გვეხმარება ძალიან - 3,5-4-ჯერ
შემცირდა რუსების არტილერიის მუშაობა. დახმარების ახალ პაკეტში ძალიან
მნიშვნელოვანი რაკეტები გადმოგვცეს ამერიკელებმა რუსების ანტისაჰაერო
სისტემების გასანადგურებლად და თვითმფრინავების
ჩამოსაგდებად“, - წერს სააკაშვილი.