კელი დეგნანი - საქართველოს ლიდერები და ყველა ქართველი უნდა ფოკუსირდეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე
საქართველოს ლიდერები და ყველა ქართველი უნდა ფოკუსირდეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე. ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, წარმართოს ძალიან ნორმალური პროცესი, ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოგვარდეს ეს 12 რეკომენდაცია. ეს ძალიან ძლიერ სიგნალს გაუგზავნის ევროკავშირს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებული განსხვავებული შეხედულებების გაერთიანება მოხდეს.

„კარგი სამუშაო მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდეს 12 რეკომენდაცია, ახლა ამოცანა არის ამ შეხედულებების თავმოყრა ერთიან დოკუმენტში, სადაც საქართველოში არსებული მრავალფეროვანი შეხედულებები იქნება წარმოდგენილი. ევროკავშირს სურს ამ ხმების ერთიანობის ხილვა, ძლიერი პასუხი 12 რეკომენდაციაზე, რომელშიც ბევრი ხმა იქნება გაერთიანებული“,
- აღნიშნა ელჩმა.

კითხვაზე, როგორ აფასებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებს იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის, „დიდება უკრაინას“ მონაწილეები საქართველოს მტრები არიან, ელჩმა უპასუხა, რომ აღნიშნული კონფერენცია არის მნიშვნელოვან თემებზე აზრებისა და იდეების გაცვლის ძალიან კარგი საშუალება.

„შეერთებული შტატები არის ინკლუზიური დიალოგის მხარდამჭერი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან აუცილებელი რამ. ეს კონფერენცია არის აზრების გაცვლის შესაძლებლობა. წლევანდელი კონფერენცია ფოკუსირებულია უკრაინის თემაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ომი რეგიონისთვის. ეს კონფერენცია არის ასევე შესაძლებლობა გავცვალოთ იდეები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მშვიდობის მიღწევა, როგორ გაუმჯობესდეს რეგიონის სტაბილურობა და საქართველოს კეთილდღეობა და მისი დემოკრატიული განვითარება“,
- აღნიშნა ელჩმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
Print