„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI-ის) და „კავკასიის კვლევითი
რესურსების ცენტრის“ (CRRC-ის) მორიგი ერთობლივი კვლევა უჩვენებს, რომ
ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მცირდება რწმენა, რომ ქვეყანა სწორი
მიმართულებით ვითარდება და აღარ მიიჩნევს საქართველოს დემოკრატიულ
ქვეყნად.
მკვლევრებმა გამოკითხულებს ასეთი ფორმულირებით დაუსვეს შეკითხვა:
„განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმაზე, თუ საერთო ჯამში როგორი
მიმართულებით ვითარდება საქართველო. თქვენ რომელს ეთანხმებით“? – და
შესთავაზეს პასუხის სამი შესაძლო ვარიანტი.
44%-მა განაცხადა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება,
29%-მა თქვა, რომ საერთოდ არ იცვლება, და მხოლოდ 23%-მა თქვა, რომ
საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. წინა წლებში ამავე კითხვაზე
გამოპასუხების მაჩვენებლები ასეთი იყო:
გამოკითხულთა უცვლელი უმრავლესობა, – 92%, – მიიჩნევს, რომ საერთო
ჯამში, მნიშვნელოვანია დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება.
დემოკრატიულ ქვეყანაში კი ისინი, გამოკითვის თანახმად, გულისხმობენ
სიტყვის/მედიის/გამოხატვის თავისუფლებას (40%), თანასწორობას კანონის
წინაშე და სამართლიანობის დაცვას (38%), ადამიანის უფლებათა დაცვას
(33%) და სამუშაო ადგილებს (16%).
თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამბობს,
რომ საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად არ მიიჩნევს.
ამჟამად ასეთი 62%-ია, – რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი
მაჩვენებელია.
ამასთან, ყველაზე ბოლო წლების ისტორიაში ყველაზე დაბალია (30%) ამ
კითხვაზე დადებითი გამოპასუხების მაჩვენებელი.
გამოკითხულთა ყველაზე მეტი ნაწილი, 31% მიიჩნევს, რომ საქართველო ადრე
მისაბაძი იყო მეზობელი ქვეყნებისთვის, თუმცა ბოლო წლებში აღარ არის;
25-25%-ს მიაჩნია, რომ ახლაც არის მისაბაძი მაგალითი და არც არასდროს
ყოფილა (19%-მა თქვა, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იცის).
ქვეყნის განვითარების ხედვის საკითხი, სავარაუდოდ, უკავშირდება, სხვა
საკითხებთან ერთად, ეკონომიკურ მდგომარეობას და საკუთარი ეკონომიკური
მდგომარეობის აღქმას.
მაგალითად, ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა (45%)
ამბობს, რომ 5 წლის წინანდელთან შედებით, ნაკლები ფინანსური
შესაძლებლობები აქვს.
მხოლოდ 20% ამბობს, რომ მეტი შესაძლებლობა აქვს, 34%-ისთვის კი ბოლო 5
წელიწადში მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა.
ავტორების თანახმად, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში
საქართველოში, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე, ქვეყნის მასშტაბით,
ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით).აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ
ინტერვიუს მოიცავდა.
საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია. კვლევის შერჩევა
დეტალურად ასეთია: