ავიაბილეთის ფასი 4 ათასიდან 9 ათას ლარამდე მერყეობს - რა ჯდება მოსკოვიდან თბილისში საჰაერო გზით მოხვედრა
ვლადიმერ პუტინის მიერ ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთიდან მოქალაქეების გადინება სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით მნიშვნელოვნად გაზრდილია.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ავიაბილეთების ფასებმა მოიმატა. როგორც რუსული მედია წერს, საუბარია მოსკოვიდან სტამბულის, ერევნის, ბაქოს და სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართულებით ფრენებზე, სადაც რუსეთის მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, აღსანიშნავია, რომ 22-23 სექტემბრის ფრენებზე ავიაბილეთები უკვე ყველგან გაყიდულია.

აღნიშნულ დღეებში მოსკოვიდან ყველა ბილეთი გაყიდულია საქართველოს მიმართულებითაც. საუბარია ჩარტერულ რეისებზე, რადგან თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენები არ გვაქვს.

რაც შეეხება სხვა დღეებში არსებულ ფრენებს, მოსკოვიდან (გადაჯდომით) თბილისის მიმართულებით ავიაბილეთის ფასი 4 ათასი ლარიდან 9 ათას ლარამდე მერყეობს. მეტიც სანკტ-პეტერბურგიდან ფასი 15 ათას ლარსაც კი აღემატება.

უფრო კონკრეტულად:

24-25 სექტემბერს ფრენა აქვს ავიაკომპანია AIRARABIA-ს მოსკოვი-შარჯა-თბილისის მიმართულებით, ბილეთის (ეკონომ კლასი) ფასი კი 8 ათას ლარს აღემატება;

26 სექტემბრიდან ავიაბილეთები დარჩენილია როგორც AIRARABIA-ს ასევე TURKISH AIRLINES-ს ფრენებზე. პირველ შემთხვევაში ფასი კვლავ 8 ათას ლარს აღემატება, ხოლო მოსკოვი-ბოდრუმი-სტამბოლი-თბილისის მიმართულებით ფრენა 5 ათას ლარამდე ჯდება;

27 სექტემბერს მოსკოვიდან თბილისში მოხვედრა საჰაერო გზით - უკვე ერევანის, შარჯას, და დუბაის გავლით არის შესაძლებელი. ავიაბილეთების ფასი კომპანიების შესაბამისად, 5 ათასს და 8 ათას ლარს აღემატება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები