ოროზმანში აღმოჩენილი უძველესი კბილი გენინსპექციამ ექსპედიციის წევრის სახლიდან ამოიღო – მუზეუმი
სოფელ ოროზმანში აღმოჩენილი უძველესი კბილი არქეოლოგიური ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის სახლიდან კულტურის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ეროვნულ მუზეუმში გადაიტანა – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

როგორც მუზეუმი აცხადებს, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მასალების მომზადება შესაბამისი მსვლელობის მისაცემად, მათ შორის, საქართველოს პროკურატურაში გადასაგზავნად.

მუზეუმის განცხადებით, 2022 წლის 1 ივლისს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გასცა ნებართვა ოროზმანში არქეოლოგიური გათხრების განხორციელების თაობაზე, თუმცა, 20 სექტემბრამდე, არც სააგენტოს და არც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს არავითარი ოფიციალური ცნობა არ მიუღია გათხრების მიმდინარეობის ან მათი შედეგების შესახებ, და არც მასალა ყოფილა წარმოდგენილი.

„ვინაიდან ცნობილი იყო ოროზმანში მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ (ინფორმაცია ვრცელდებოდა მედია საშუალებებითაც) და ჩაითვალა, რომ არსებობდა მასალის დაკარგვის რისკი, 2022 წლის 19 სექტემბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, როგორც გათხრებზე ნებართვის გამცემმა ორგანომ, შექმნილი ვითარების შესახებ შეატყობინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გენერალურ ინსპექციას.

20 სექტემბერს, გენერალური ინსპექციის მიერ თბილისში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შენობაში, გამოკითხულ იქნა ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი (საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოქმედი თანამშრომელი), რომელმაც აღიარა, რომ ოროზმანის გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი ოროზმანიდან იქნა წამოღებული ისე, რომ არავითარი დოკუმენტი ამის შესახებ არ გაფორმებულა, მასალა მუზეუმში წარმოდგენილი არ ყოფილა და ის მას ჰქონდა წაღებული სახლში, სადაც ინახავდა ტანსაცმლის კარადაში საკუთარი ინიციატივით, რადგან „ნივთს ჰქონდა სამეცნიერო ღირებულება“. მან ამის შესახებ თავად შეადგინა ახსნა-განმარტება და ხელმოწერით დაადასტურა ფაქტი.

იმავე დღეს, ეროვნული მუზეუმის მოცემული თანამშრომლის მონაწილეობით, მისივე ბინაში, კულტურული მემკვიდრეობის გენერალური ინსპექციის მიერ ამოღებულ იქნა უძველესი ადამიანის კბილი ტანსაცმლის კარადაში განთავსებული ჩანთიდან. ჩანთაში მოთავსებული პაკეტი გაიხსნა თანამშრომლის თანდასწრებით, შედგა შესაბამისი ოქმი, დაილუქა ხელახლა იმავე პირის მონაწილეობით, რომელმაც ხელმოწერით დაადასტურა ყოველივე“, – აცხადებს ეროვნული მუზეუმი.

მათივე განცხადებით, ამოღებული მასალა (კბილი), დალუქულ მდგომარეობაში და კანონით დადგენილი წესით, 20 სექტემბერს ჩაბარდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.

„ამასთან, გამოირკვა, რომ კბილთან ერთად აღმოჩენილი სხვა ნივთები, რომლებიც როგორც თავისთავად, ისე კბილის დასათარიღებლად უმნიშვნელოვანესია, ყოველგვარი დოკუმენტაციის გაფორმებისა და მასალის სრულყოფილი აღწერის გარეშე, ოროზმანიდან ასევე გადმოტანილ იქნა (თარიღი უცნობია) თბილისში და არაოფიციალურად დასაწყობდა ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ ყოფილ შენობაში, რომელიც ავარიულია და სადაც არც ერთი ოთახი დაცული არ არის.

20 სექტემბერს, მოცემული მასალა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გენერალური ინსპექციის მიერ, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მონაწილეობით აღიწერა, შეიფუთა, დაინომრა, დასურათდა და ჩაბარდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს კანონით დადგენილი წესით“,
– აცხადებს ეროვნული მუზეუმი.

აღნიშნულ ამბავს გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანიც.

„ამ კბილის ადგილი არის მუზეუმში და ის დაცულია მხოლოდ გუშინდელი დღიდან, რაც სამწუხაროა. ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო აგროვებს მასალებს და თუ დავინახავთ, რომ იქ არის რაიმე სერიოზული დარღვევა, თუმცა დარღვევები სახეზეა, შემდეგ მივცემთ ამას მსვლელობას“, – განაცხადა წულუკიანმა 21 სექტემბერს მედიასთან.

ოროზმანის ექსპედიციის წარმომადგენლები დღეს აპირებენ საპასუხო განცხადების გაკეთებას.

სოფელ ქვემო ოროზმანის არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიაზე პრეისტორიული ადამიანის, ჰომო ერექტუსის კბილის აღმოჩენის შესახებ საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა 8 სექტემბერს განაცხადა. ამბავს ფართოდ გამოეხმაურნენ როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ. თუმცა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და კულტურის სამინისტრო მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენას 21 სექტემბრამდე ოფიციალურად არ გამოხმაურებიან.

წყარო: ნეტგაზეთი
Print