საფარი: გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც ქალს სექსუალურად ავიწროებდა
ქალთა უფლედამცველი ორგანიზაცია “საფარი” აცხადებს, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, რომელსაც თავისი ქვეშევრდომი ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.

ქალი ამბობდა, რომ 5 თვის განმავლობაში ყოველდღიურად იყო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებაში, ასევე, “საფარის” ცნობით, ახსენებდა გენდერული დისკრიმინაციის ფაქტებსაც.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.

“საუბარია მაღალი თანამდებობის პირზე, რომელიც თანამშრომელ ქალებს დისკრიმინაციულად ექცეოდა, შეურაცხმყოფელად მიმართავდა, სამუშაო სივრცეში შეუფერებელ, საფრთხის შემცველ და ღირსების შემლახავ გარემოს უქმნიდა.

გარდა ამისა, არსებობს ერთ-ერთი თანამშრომელი ქალის სექსუალური შევიწროების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება. ამ ქალის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია გამოიკვეთა კიდევ 2 მაღალჩინოსნის მხრიდანაც”,
– ნათქვამია “საფარის” განცხადებაში.

ორგანიზაციამ სამინისტროს გენერალურ ინსპექციას 25 აგვისტოს მიმართა და რეაგირება მოსთხოვა. ინფორმაცია მიაწოდეს სახალხო დამცველსაც.

9 სექტემბერს “საფარის” ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ და ორგანიზაციის იურისტმა თამარ ლუკავამ ბრიფინგი გამართეს, სადაც თქვეს, რომ საქმის განხილვა ჭიანურდებოდა და დეტალებზე ისაურბეს.

ბრიფინგის შემდეგ განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც. უწყება წერდა, რომ საჩივრის მიღების დღესვე დაიწყო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ სამსახურებრივი შემოწმება.

წყარო: ნეტგაზეთი
Print
თეგები: #georgia