„ფასები 40%-დან 100%-მდე გაიზარდა - მიზეზი ჯავშნებზე, რუსეთიდან შემოსული მიგრანტების გაზრდილი მოთხოვნაა“
„ფასები 40%-დან 100%-მდე გაიზარდა - მიზეზი ჯავშნებზე, რუსეთიდან შემოსული მიგრანტების გაზრდილი მოთხოვნაა,“ - ამის შესახებ „ინ გრუპის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების მხრიდან სასტუმროებში ჯავშნები ხშირად არის 1-2 დღიანი, შეიძლება 3 ან 4-დღიანიც იყო, თუმცა, ეს არ არის ხანგრძლივი ჯავშნები.

„სექტემბერი, რომელიც ითვლებოდა ყოველთვის აქტიურ სეზონად, სამწუხაროდ, წელს საკმაოდ დაბალი მოთხოვნით გამოირჩეოდა. თუმცა ბოლო პერიოდი, როდესაც რუსეთიდან მიგრანტების ახალი ნაკადი წამოვიდა, ეს რა თქმა უნდა, აისახა სასტუმროების დატვირთულობაზეც. დატვირთულობა განსაკუთრებით შესამჩნევია თბილისში, რადგან მიგრანტების უმეტესობა, რომლებიც გამორბის, სწორედ თბილისში ჩამოდის. საუბარია არა მხოლოდ ცენტრალურ უბნებში, არამედ გარეუბნებში მდებარე სასტუმროებშიც საკმაოდ გაიზარდა ჯავშნები.

ამის პარალელურად უნდა ითქვას, რომ 40%-დან 100%-მდე გაზრდილია ჯავშნებზე საშუალო ფასიც. გააჩნია სასტუმროს და ადგილმდებარეობას. მოთხოვნა არის ყველა ტიპის საცხოვრებელზე, რა თქმა უნდა, ეძებენ უფრო დაბალბიუჯეტიანს, მაგრამ რადგან მოთხოვნა ბოლო 1 კვირის განმავლობაში ასე მკვეთრად არის გაზრდილი, ფასები ყველგან მაღალია,“
- განაცხადა კოკაიამ.

წყარო: BPN
Print