ვაგონებში და ამბულატორიაში მიღებული განათლება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჯერ კიდევ 2019 წელს დაჰპირდნენ, რომ მალე ვაგონებში განთავსებული სკოლის მაგივრად ახალი კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო დაწესებუილება ექნებოდათ.

8 საკლასო ოთახი, კლასლაბორატორია, სამასწავლებლო, ბიბლიოთეკა , კომპიუტერებით აღჭურვილი საერთო სივრცე, ბუფეტი, სარეკრეაციო ზონა, ხელოვნურ საფარიანი ღია სპორტული მოედანი - ეს იმ ინფრასტრუქტურის არასრული ჩამონათვალია, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 279 750 ლარი გამოიყო. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის 2 აგვისტოს გამოაცხადა. მშენებლობის დასრულების თარიღად კი 2021 წლის 1 სექტემბერი განისაზღვრა, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე დაუსრულებელია. ახალ 2022-2023 სასწავლო წელს ჩანახჩელები კვლავ ვაგონში შეხვდნენ. სოფელში ამ ამბავზე წუხან, თუმცა ღიად ნაკლებად საუბრობენ. სკოლის დირექტორი ჩაწერაზე არ გვთანხმდება, ინფორმაციასაც ჩვენგან იგებს, რომ სამშენებლო კომპანიამ ვალდებულება ვერ შეასრულა და მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონტრაქტორს ხელშეკრულება შეუწყვიტა.

„ამბობენ, ფული აღარ აქვთო. მე არ ვიცი, თავად ამბობენ ამას, ისე, ფასები რომ გაიზარდა ყველაფერზე ეგ კი ვიცით, რკინის მასალის ფასებმაც მოიმატა, ალბათ მაგიტომ არ ჰყოფნით თანხა. ამბობენ, როცა ფული იქნება, მან გააგრძელებენ მუშაობას. სკოლა ყველა დასახლებაში საჭიროა.თუნდაც 10 ან 100 ბავში იყოს. განათლების გარეშე არაფერი გამოვა“ - ამბობს ჩანახჩში მცხოვრები სურიკ ბადალიანი

„პატარები რომ ვიყავით, ამბობდნენ, რომ ახალ სკოლას ააშენებდნენ․ ყოველთვის ველოდით, რომ ახალ აშენებულ სკოლაში ვისწავლიდით, მაგრამ სამწუხაროდ, - არა. ვიმედოვნებთ, რომ ახლანდელი ბავშვები მაინც მოესწრებიან ახალ სკოლას.“ - ამბობს იური ხაჩიკიანი


ჩანახჩის 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობის გასაგრძელებლად ახალი ტენდერი 2022 წლის 19 სექტემბერს გამოცხადდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1 058 545 ლარი გამოყო. ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 6-11 ოქტომბრის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარულ თვეში შეასრულოს. სამუშაოების დასრულებამდე კი მასწავლებლები და მოსწავლეები სწავლას კვლავ ვაგონებში გააგრძელებენ. სოფელ ჩანახჩის სკოლა ერთადერთი არაა, სადაც მოსწავლეებს განათლების მიღება ამორტიზებულ საგანმანათლებლო სივრცეში უწევთ. რთული ვითარებაა სოფელ ახკერპის სკოლაშიც, სადაც 2022-2023 სასწავლო წლის პირველი ზარი ამბულატორიის შენობაში დაირეკა.

საგანმანათლებლო დაწესებულების ავარიულობის გამო სასწავლო პროცესი სოფელში მდებარე სამედიცინო პუნქტში 15 სექტემბერს დაიწყეს. სკოლა 100 წელზე მეტს ითვლის. როგორც პედაგოგები ამბობენ, შენობის მდგომარეობა დმანისში მომხდარი მიწისძვირის შემდეგ გაუარესდა. ვარაუდობენ, რომ ახალ სკოლას აუშენებენ, სადაც ძველისგან განსხვავებით, ბუფეთი, სპორტული დარბაზი, ლაბორატორია და მოწესრიგებული კლასები ექნებათ.

"ეს შენობა არის ძალიან ძველი, სკოლისთვის არც იყო გაკუთვნილი. ადრე კოლმეურნეობის შენობა იყო, სკოლას დროებით გადაეცა სარგებლობაში. ახლა საავადმყოფოს შენობაში ვართ დროებით , მაგრამ ვიცით, რომ ახალ სკოლას ააშენებენ. ბუფეტი არ არის. ბავშვებს, რომლებსაც 8 გაკვეთილი აქვთ, აუცილებლად სჭირდებათ. ასევე არ გვაქვს სპორტდარბაზი. მთიანი რეგიონია, ხშირად თოვლი, წვიმა და ქარია, ასეთ დროს როგორ ჩაატარებს მასწავლებელი გაკვეთილს გარეთ? იძულებულია კლასში ჩაატარონ, რაც ბავშვებში უკმაყოფილებას იწვევს. უნდათ სხვა სკოლების მსგავსად, მათი სკოლაც იყოს სრულად აღჭურვილი. “ -
ამბობს ახკერპის კოლის მასწავლებელი ნინო კევლიშვილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლაა. როგორც ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, ავარიულობის გამო ამ ეტაპზე იგეგმება სოფელ ახკერპის, დიდი ბეგლიარის, კიროვკის , თაზაქენდის N2, არაფლოს, აღმამედლოს და იმირის სკოლების დემონტაჟი. ჯერჯერობით, ახალი სკოლების აშენების ვადები უცნობია.

რადიო "მარნეული"
Print