შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვარზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა
რაოდენობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, გუშინ ქვეყანაში შემომსვლელი რუსების რაოდენობამ
მნიშვნელოვნად იკლო.
"სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი
მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე, შემცირდა საქართველოს ყველა სასაზღვრო
გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის
რაოდენობა. კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00
სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით
გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ, ხოლო საქართველოს
ტერიტორია დატოვა 5186 მოქალაქემ, 28 სექტემბრის 10:00 სთ-დან 29
სექტემბრის 10:00 სთ-მდე- შემოვიდა 9642 და გავიდა 5448 მოქალაქე.
ამასთან, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "დარიალში" სატვირთო და მსუბუქი
ავტომობილების გატარება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, რის შედეგადაც ბოლო
დღეებში შეფერხებული სატრანზიტო ავტომიმოსვლა სრულად
აღდგა," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
16 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში ნაწილობრივი
მობილიზაციის გამოცხადებას საქართველო-რუსეთის საზღვარზე
მრავალკილომეტრიანი საცობის წარმოშობა მოყვა. შსს-ს განცხადებით,
ამჟამად ეს ნაკადი შემცირებულია.