2 ოქტომბრის მდგომარეობით, „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში ბიძინა
ივანიშვილი მე-400 პოზიციაზე იმყოფება.
კერძოდ, „ბლუმბერგის“ მილიარდერთა ინდექსის თანახმად, მისი ქონება
5.45 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ეს კი წლიურ ჭრილში 600 მლნ
დოლარით ანუ 9,9%-ით არის შემცირებული. 2021 წლის 3 ოქტომბრის
მდგომარეობით, მისი ქონება 5,92 მლრდ აშშ დოლარად იყო შეფასებული.
Bloomberg-ს ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს
დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნესსაქმიანობის დაწყებისა და
პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.
„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის
მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო.
თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი
ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს.
ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ -
იუწყება გამოცემა.
რაც შეეხება Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგს, დღეის მდგომარეობით
ივანიშვილის ქონება 4,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ის Forbes-ის
მილიარდერთა სიაში 522-ე ადგილზეა.