თემურ ჯანაშია: მიხეილ სააკაშვილი არის სიკვდილის პირას
საქართველოს პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" თემურ ჯანაშია ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ მან კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ადამიანს არ შეუძლია კომუნიკაცია, რაღაცები დავილაპარაკეთ ძალიან ცოტა. საუბრის დროს იღლება და არის სიკვდილის პირას. ეს არ არის ნორმალური", - თქვა თემურ ჯანაშიამ.

კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს ტელეფონით უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული არ არის.

"მდგომარეობას კრიტიკულად ნამდვილად ვერ შევაფასებ და ვერც მკურნალი ექიმი აფასებს მდგომარეობას კრიტიკულად... ვინაიდან პაციენტი არის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მისი ინფორმაცია ახლანდელი ჯანმრთელობის შესახებ უნდა მიიღოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტიდან", - თქვა მან.

რამდენიმე თვეა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტარდება. ბოლო სხდომა, რომელზეც მან დასწრება შეძლო, 20 აპრილს გაიმართა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" თანამშრომლები ამბობენ, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. სააკაშვილი 12 მაისიდან მკურნალობს კლინიკა „ვივამედში“.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები