ქართველი ფილოლოგი, მთარგმნელი და ლიტერატორი ზურაბ კიკნაძე 89 წლის
ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ მისი ახლობლები და
ლიტერატურული პრემია “საბა”.
ზურაბ კიკნაძემ 1956 წელს დაამთავრა თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სემიტოლოგიის განხრით და მრავალი წლის
მანძილზე საქმიანობდა ამავე უნივერსიტეტში.
2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო.
მისი პირველი თარგმანი “გილგამეში” 1963 წელს გამოქვეყნდა, 1978 წელს
კი თამაზ ჩხენკელთან ერთად თარგმნა ჰომეროსის “ოდისეა”.
ზურაბ კიკნაძის კვლევის სფერო იყო შუამდინარული ლიტერატურა, მითოლოგია
და რელიგია, ისევე როგორც ქართული მწერლობა, ფოლკლორი და მითოლოგია.
ასევე იკვლევდა ქრისტიანობას და ქრისტიანულ კულტურას, ბიბლიის
თარგმანსა და ეგზეგეტიკას.
იგი არის რამდენიმე წიგნისა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის
ავტორი.
“ოდისეის” თარგმნისათვის ზურაბ კიკნაძემ 1978 წელს ივანე მაჩაბლის
სახელობის პრემია მიიღო. 1986 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პრემიის ლაურეატი გახდა, 2005 წელს კი სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
გარეკანის ფოტო: აზროვნების აკადემია