ხელვაჩაურში არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით მამა დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ 2 ადამიანს ბრალი წარუდგინა ხელვაჩაურში მომხდარი შემთხვევის გამო.


ერთი პირს ბრალი წარდგენილი აქვს 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე, ხოლო მეორეს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობისა და მუქარისთვის.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით – იმის გამო, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი იყო გოგო და სახლში გვიან დაბრუნდა, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 20 ნოემბერს, მეორე ბრალდებულმა არასრულწლოვან დაზარალებულთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან).

პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

რაც შეეხება დაზარალებულის მამას, იგი სამართალდამცველებმა 21 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან ოჯახის წევრზე ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და „დ“ ქვეპუნქტებით (მუქარა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, –
ამბობენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები