სესხის გადაცილების გამო „შავ სიაში“ ნახევარ მილიონზე მეტი პირია
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში თითქმის 80 000-ით არის გაზრდილი რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებmაც სესხის შენატანის გადახდის თარიღს 1 თვეზე მეტი ხნით გადააცილეს.

თუკი 2019 წლის ოქტომბერში ასეთი ფიზიკური პირების რაოდენობა 495 620 იყო, 2022 წლის ოქტომბერში მათი რაოდენობა 574 715-მდეა გაზრდილი (სხვაობა 79 095 ადამიანია).



ამ სტატისტიკაში შედის კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სალიზინგო კომპანიებისა და სხვა, არარეგულირებადი ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხები.

გაზრდილია სესხების რაოდენობაც: თუკი 2019 წლის ოქტომბრისთვის ზემოთ აღნიშული რაოდენობის ადამიანებს 851 332 სესხი ჰქონდა აღებული, 2022 წლის ოქტომბრისთვის პრობლემური სესხების რაოდენობა 1 100 566-მდეა გაზრდილი.



გაზრდილია სესხების ჯამური მოცულობებიც და თითქმის გაორმაგებულია.

კერძოდ, თუკი აღნიშნული სესხების მოცულობა 2019 წლის ოქტომბერში 2.5 მლრდ ლარი იყო, 2022 წლის ოქტომბერში ეს მოცულობა 4.4 მლრდ ლარია.



ეროვნული ბანკის თანახმად, ასეთი სტატისტიკა 2019 წლის მაისიდან იწარმოება.

ეროვნულ ბანკს ამ საკითხზე სადეპუტატო კითხვით „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა მიმართა, რაზეც პასუხი 23 ნოემბერს მიიღო.

ამ სტატისტიკის საწყის პერიოდამდე, 2018 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, 600 000-მდე მოქალაქე „შავი სიიდან“ ამოირიცხა და ვალი გაუნულდა.

წყარო: ნეტგაზეთი

Print