მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის
რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) 21-ე მინისტერიალში
მიიღო მონაწილეობა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა
ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა პოსტპანდემიურ გამოწვევებსა
და მათი დაძლევის გზებზე.
„საქართველო დაზარალდა პანდემიით, თუმცა, ჩვენ შევძელით სწრაფად
დაგვებრუნებინა ეკონომიკა განვითარების ძველ გზაზე, შეგვექმნა ძლიერი
ეკონომიკური საფუძვლები აღდგენისათვის“, – განაცხადა
ვიცე-პრემიერმა.
მისივე თქმით, CAREC- 2030 არის ძალიან ამბიციური და ყოვლისმომცველი
დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყველა სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროს,
რომელიც ასახულია სპეციალურ ოპერაციულ კლასტერებში.
„ნება მომეცით, ხაზი გავუსვა CAREC-ის ტრანსპორტის სტრატეგიის
მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული კავშირის
გაძლიერებას. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს
მთავრობის მიერ დასახულ უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა, რადგან ჩვენ
ვაპირებთ საქართველოს გარდაქმნას სატრანზიტო დერეფნად და ლოგისტიკურ
ჰაბად – რეგიონულ ცენტრად, რომელიც ბიზნესისთვის ხელმისაწვდომს გახდის
სწრაფ ტრანსპორტირებასა და კომუნიკაციას ორ
კონტინენტზე“ , – თქვა მან.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ასევე, რომ მნიშვნელოვანია
ენერგეტიკის სექტორის განვითარება.
„მჯერა, რომ CAREC-ის ენერგეტიკული სტრატეგიით დასახული მიზნები 2030
წელს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის უფრო
მაღალი წილის მიღწევას და, ასევე, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად,
გაზრდის წევრი ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, –
განაცხადა ლევან დავითაშვილმა.