რუსმა სამხედროებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

უწყების ცნობითვე, უკანონო დაკავების მორიგ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”,
– აცხადებენ სუსში.

რუსი სამხედრობის მიერ საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტი, სუს-ის ცნობითვე, 8 ნოემბერს მოხდა.
წყარო: ნეტგაზეთი

Print