მარნეულის კრიზისულ ცენტრში ქალთა მიმართ ძალადობაზე 10 თვეში 30-მდე საქმე შევიდა
მარნეულში  ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში ქალთა მიმართ ძალადობაზე  10 თვეში დაახლოებით 30 საქმე შევიდა.

უმეტესობა მარნეულის შემთხვევებია, თუმცა არის რამდენიმე მიმართვა ბოლნისიდან, დმანისიდან და თეთრიწყაროდანაც.  როგორც ცენტრის ხელმძღვანელი, ეკა ბედიანაშვილი ამბობს, დაწესებულება მარნეულში ოთხი წელია ფუნქციონირებს,  პირველი ორი წელი ძირითადად მათ შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს დაუთმეს, მიმართვიანობა კი აქტიურად 2020-2021 წლებში დაიწყო.

„ჩვენ ვემსახურებით არამარტო ძალადობის მსხვერპლებს, დაზარალებულებს, ასევე სავარაუდო მსხვერპლებსაც და სავარაუდო მსხვერპლების შემთხვევა უფრო დიდია. აქედან ბევრი არის როგორც სრულწლოვანი, ასევე არასრულწლოვანი. დაახლოებითი პროპორცია არასრულწლოვნების შემთხვევაში უკავშირდება ხშირად ადრეულ ქორწინებას, იძულებით ნიშნობის ფაქტებს,როგორც ქალაქში ასევე სოფლებში. სოფლიდან შემთხვევების გამოვლინებაში მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემა დაგვეხმარა. ბოლო 10 თვეში 30-მდე ქეისი იყო მარტო სავარაუდო მსხვერპლთან დაკავშირებით. აქ არ იგულისხმება ის, რომ მხოლოდ 30 ადამიანია. იქ ვმუშაობთ ოჯახში წევრებთან. მაგალითად, ადრეული ქორწინების შემთხვევში, ვმუშაობთ მზრუნველებთან. ეს შეიძლება იყოს ბებია, დედა და ა.შ. ერთი ქეისი არ ნიშნავს, რომ ერთი ადამიანია. თუ ქალი არის მსხვერპლი ან დაზარალებული, იმ ქალბატონის  შემთხვევაში ვმუშაობთ ასევე არასრულწლოვნებთან. დავუშვათ როგორ აისახება ოჯახური კონპლიქტი ბავშვების განვითარებაზე და ა.შ. „ - ამბობს ეკა ბედიანაშვილი

ეკა ბედიანაშვილის თქმით, მათ ცენტრში ფუნქციონირებს კონსულტაციის სერვისი, რომელიც გულისხმობს სატალეფონო თუ ელექტრონულ მომსახურეობას.  შემთხვევების უმრავლესობა დახურულია, ხოლო რამდენიმე მიმდინარე.  მარნეულის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში განმარტავენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან მეტი მუშაობა სურთ.

„რამდენიმე შემთხვევა იყო ადაგილობრივი თვითმმართველობიდან გადმომისამართებული. დასაწყისში უფრო გვქონდა ხოლმე ბევრი შემთხვევა გადმომისამართების, ახლა არა. სიმართლე, რომ გითხრათ,  აქტიურად აღარ ვთანამშრომლობთ, თუმცა ახლა ვაპირებ უფრო მეტად თანამშრომლობას”

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. მარნეულის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრი უერთდება 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. ეკა ბედიანაშვილის განმარტებით, დაგეგმილი აქვთ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვიზიტი და საინფორმაციო კამპანიების ჩატარება.


Print