საგამოძიებო: პოლიციელმა მეგობარი ქალის ინტიმური ფოტოები მის ქმარს გაუგზავნა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაშიუწყებამ ქვეყნის მასშტაბით ამხილა 4 სამართალდამცავი. საგამოძიებო სამსახურის თქმით, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ყველა მათგანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ერთ-ერთი საქმე, რომლის ფარგლებშიც საგამოძიებო სამსახურმა მოქმედ პოლიციელს ბრალი წაუყენა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას უკავშირდება.

კერძოდ, უწყების განცხადებით, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა გ.ლ-მ მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალს პირადი ცხოვრების საიდუმლო გაუვრცელა. კერძოდ, საგამოძიებო სამსახურის თქმით, გ.ლ-მ, 2022 წლის მარტის თვეში, მეგობარ ქალთან ურთიერთობის გაწყვეტით გაბრაზებულმა, შურისძიების მიზნით, მასთან ურთიერთობაში მყოფი ქალის მეუღლეს, სოც. ქსელის „მესენჯერის“ საშუალებით, ქალის ნახევრად შიშველი, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათი გაუგზავნა და მისწერა, რომ ცოლი ღალატობდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თქმით, აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულს მორალური სახის ზიანი მიადგა.

„დაზარალებული ქალის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მომართვიდან მალევე, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით“,
– ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კიდევ ერთი შემთხვევა, რომელზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახური საუბრობს, ოჯახში ძალადობას ეხება. უწყების თქმით, სამხედრო პოლიციის თანამშრომელმა ზ.მ-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა:

„დაზარალებულმა განხორციელებული ძალადობის შედეგად ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო. დაზარალებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მომართვიდან მალევე, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის,126′ მუხლით და 11′- 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის“, –
აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ჩატარებული გამოძიების შედეგად, არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მხილებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ინსპექტორი.

უწყების თქმით, სამმართველოს ესკორტის უფროსი ოფიცერი დ.დ., რომელმაც 2022 წლის 20 აგვისტოს ქ. თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“, სადაც განთავსებული იყვნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები, არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული ფუნქციები.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ბრალდებულმა ცვლის გადაბარება უსაფრთხოდ ვერ უზრუნველყო და პატიმრები დაუდევარი დამოკიდებულებით, მუდმივი მეთვალყურეობის გარეშე დატოვა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ჯგუფის წევრს, რომელიც ასევე წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი-საშტატო იარაღით, მიეპარა პატიმარი გ.ს. და შარვლის საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა. საგამოძიებო სამსახურის თქმით, ერთ-ერთი გასროლით მან თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიყენა, რასაც შედეგადაც გარდაიცვალა.

ზემოაღნიშნულ საქმეზე, უწყების თქმით, საქართველოს პროკურატურამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცერს (ჯგუფის უფროსს) ბრალდება სამსახურებრივი გულგრილობისთვის წარუდგინა. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თქმით, 2022 წლის ნოემბრის თვეში, სხვადასხვა დროს, ქალაქ ბათუმში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა თ.შ.-მ, რომელსაც ევალებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების სამსახურებრივი მოვალეობის სათანადოდ შესრულების ორგანიზება და კონტროლი, სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და დისციპლინის დარღვევისთვის 4 წვევამდელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება გამოიყენა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით წერილობითი წინადადებებით პროკურორს მიმართა, რის შემდეგაც საქართველოს პროკურატურის მხრიდან დანაშაულში მხილებული ინსპექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თქმით, ზემოაღნიშნულ საქმეებზე გამოძიება გრძელდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები