ბრეგაძის თქმით, სააკაშვილმა ტოქსიკოლოგიური ანალიზის ჩატარებაზე უარი თქვა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტების მიერ ტოქსიკოლოგიური ანალიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა.


აღნიშნული მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა გამოთქვა ეჭვი, რომ მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი შესაძლოა მოწამლული ყოფილიყო. რატი ბრეგაძის თქმით, ამის შემდეგ პენიტენციურმა უწყებამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ტოქსიკოლოგიური ანალიზის ჩატარება სთხოვა, თუმცა აღნიშნულზე მინისტრის თქმით, უარი თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

„ერთ-ერთმა ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე და ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ვთხოვეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება რომელში მონაწილეობაზეც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა უარი,“
– ამბობს რატი ბრეგაძე.

მინისტრის ბრიფინგის შემდეგ განმარტება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ. „ფორმულასთან“ ადვოკატმა განაცხადა, რომ ექსპერტიზაზე უარი არ უთქვამთ და მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტიზის მიზნით შესულ პირებს შესაბამისი დოკუმენტაცია არ ჰქონდათ. ხაჭაპურიძის თქმით, მან მოუწოდა ექსპერტებს მოემზადებინათ შესაბამისი დოკუმენტაცია იმგვარად, რომ ექსპერტიზა კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებულიყო:

„ჩვენ უარი არ გაგვიცხადებია, პირიქით სურვილი გამოვთქვით მიგვეღო მონაწილეობა, ოღონდ წარმოედგინა თანამშრომელს შესაბამისი დოკუმენტი. ექსპერტიზაზე მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც ფურცლის ნაგლეჯიც არ ეკავათ ხელში, რატომ ტარდება ეს ექსპერტიზა. ეს კანონმდებლობით ასე არ რეგულირდება. მე ვუთხარი მათ ეს გაეკეთებინათ და მობრძანდით და ჩაატარეთ-მეთქი. შემდგომ აღარ მოსულან“,
– თქვა შალვა ხაჭაპურიძემ „ფორმულასთან“.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები