ლევან ხაბეიშვილმა სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე აქცია დააანონსა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატია, შუაღამეს ენმ-ის ოფისში განცხადება გააკეთა. ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე თბილისში, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან შეკრების ორგანიზებას გეგმავს. როგორც ხაბეიშვილმა თქვა, აქცია შაბათს, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება.

„დღეს კიდევ ერთხელ რუსულმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა გვაჩვენა, თუ რა მდგომარეობაში ამყოფებენ მესამე პრეზიდენტს. ფაქტობრივად, დღეს დამალეს მიხეილ სააკაშვილი და არ აჩვენეს საზოგადოებას, თუ როგორ გამოიყურება ეს ადამიანი ვიზუალურად. საზოგადოება ამას კარგად ხვდება, რომ ამას აქვს მარტივი მიზეზები და ახსნები. როგორც კი საზოგადოება დაინახავს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, მაშინვე ცხადია, ყველას დარჩება შთაბეჭდილება ობიექტური, რომ დღეს ქვეყანას მართავს ფაშისტური რეჟიმი. ამიტომაც არის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჰყავთ გადამალული",
- განაცხადა ხაბეიშვილმა.

დეპუტატის თქმით, აქციაზე მხოლოდ ერთი მოთხოვნა იქნება.

„სწორედ ამიტომ მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებთან ერთად, ვაპირებ შეკრებას შაბათს, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც მიიღება მთავარი გადაწყვეტილებები და მოვითხოვოთ მთავარი რამ. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვაქვს, არამედ გვაქვს ერთი მოთხოვნა - პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა. მე ამ მიზნით ხვალიდან გავდივარ ასევე რეგიონებში, არა მხოლოდ შაბათი დღისთვის, არამედ გენერალური ბრძოლის მობილიზებისთვის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. ჩვენ ოთახიდან, კაბინეტებიდან უმოძრაოდ, უმოქმედოდ რუს ოლიგარქს ვერ დავამარცხებთ"
, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

28 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ კლინიკა "ვივამედის" სამედიცინო პერსონალმა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში ეტაპირების ნებართვა არ გასცა. ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს კლინიკასთან სააკაშვილის მონახულების შემდეგ უთხრა.

ხატია დეკანოიძე: კლინიკამ სააკაშვილის სასამართლომდე ეტაპირების უფლება არ გასცა
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი განუსაზღვრელი დროით გადაიდო. მსგავსი გადაწყვეტილება სასამართლომ ამ საქმეზე პირველად მიიღო, მანამდე განხილვა თითო კვირით იდებოდა ხოლმე.

ლომჯარია სააკაშვილის მონახულების შემდეგ ამბობს, რომ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print