მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მოპოვება შესაბამისი ბილეთის საფუძველზე 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება
მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მოპოვება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება. ვადა, რომელიც 2023 წლის 1-ელი იანვრამდე იყო განსაზღვრული, 2026 წლამდე გაგრძელდა. “ტყის კოდექსში“ ცვლილებები 84 ხმით, პირველი მოსმენით მიიღეს.

პროექტის მიხედვით, ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვება ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე 2026 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება დასაშვები.

როგორც მთავრობა განმარტავს, სოციალური ჭრის ნაწილში, მოსახლეობას უნდა შეეზღუდოს სათბობი შეშის ტყეში მათივე ძალებით მოპოვება და აღნიშნული ნიშა ტყის მართვის ორგანოებმა უნდა დაიკავოს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოჭრილი მერქნული რესურსის მოსახლეობისთვის საქმიანი ეზოდან მიწოდებას, თუმცა აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე გადასვლა ტყის მართვის ორგანოებისთვის პრობლემატურია, რადგან იმისთვის, რომ აიკრძალოს სოციალური მიზნებისთვის მოქალაქეების მხრიდან მერქნული რესურსის მოპოვება, აუცილებელია, რომ ტყის მართვის ორგანოებს აღნიშნული ნიშის დაკავება და მოსახლეობისთვის ალტერნატიულად თავისი მომსახურების შეთავაზება შეეძლოთ.

"ამისთვის აუცილებელია როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (მანქანა-დანადგარები) ასევე ადამიანური რესურსის ისეთი მასშტაბით მობილიზება, რომელიც დღეის მდგომარეობით, ტყის მართვის არც ერთ ორგანოს არ გაააჩნია. აღნიშნულ ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა დიდი ფინანსური რესურსის მობილიზება, შესაბამისი პროცედურების დაგეგმვა და ადამიანური რესურსის გადამზადება. როგორც მოგეხსენებათ, covid 19-ს პანდემისას ვერ მოხდა ტყის მართვის ორგანოების ბიუჯეტის სათანადო ზრდა, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, არც ერთი ტყის მართვის ორგანო არ არის მზად იმისთვის, რომ გადავიდეს დამზადებაზე და მთელი სექტორი ჩაანაცვლოს მხოლოდ თავისი მომსახურებით. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია ვადის გადაწევა",
- განმარტავს მთავრობა.


წყარო: BPN

Print