ჩხენკელი სასკოლო კვებაზე: განიხილება კვების მიწოდების სხვადასხვა მოდელი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში მოხსენებით გამოდის.

მან სასკოლო კვების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ სამუშაო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მუშაობა დაიწყო უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელიც სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგენს.

შესწავლილ იქნა ადგილობრივი შესაძლებლობები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და მიმდინარეობს სასკოლო კვების კონცეფციაზე აქტიური მუშაობა. განიხილება კვების მიწოდების სხვადასხვა მოდელი, სურსათის უვნებლობის ექსპერტების და სხვა პროფესიონალების ჩართულობით, ქვეყნის მასშტაბით რეგიონებისა და რაიონების სპეციფიკის გათვალისწინებით. აღნიშნულ პროცესში პარლამენტის დარგობრივი კომიტეტებიც აქტიურად ჩაერთვებიან“,
– თქვა მინისტრმა პარლამენტში.

მინისტრის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.


წყარო: პუბლიკა


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები