გიული ალასანია: ყოველგვარი სპეკულაცია ვნებს ჩემი შვილის ისედაც გაუარესებულ ჯანმრთელობას
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილი აღარ აპირებს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას. ამის შესახებ ნათქვამია მიმართვაში, რომელიც დღეს, 1 დეკემბერს მან ჟურნალისტებთან წაიკითხა.

"ყველას მოვუწოდებ პოლიტიკურ მიზნით ხელის გაშვერისგან თავის შეკავებას, ასევე ყველას მოვუწოდებ ჩემი შვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავის შეკავებას. აქ წყდება ადამიანის, ჩემი შვილის, სიცოცხლის და სიკვდილის საკითხი. ყველას ვთხოვ, დედის პოზიციას ყურადღებით მოეპყრონ, მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინონ. ჩემი შვილი არ აპირებს მონაწილეობა გააგრძელოს ქართულ პოლიტიკაში. სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი მაქვს. გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი სპეკულაცია ვნებს ჩემი შვილის ისედაც ძალზედ გაუარესებულ ჯანმრთელობას. გთხოვთ, პატივი სცეთ, ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის ღირსებას",
- თქვა მან.

"ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში. თუ მოწამვლა მართლაც შედგა, მას მიაჩნია, რომ აქ არის უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც ჩემს შვილს მტრად მიიჩნევს. ტესტები ამერიკაში, საუკეთესო ლაბორატორიაში გაკეთდა. ანალიზიც საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ გაუკეთდა. რა თქმა უნდა, ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან საკუთარ რეპუტაციას. ზერელედ ამ საკითხს არ მოეკიდებოდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ".

ჩალაძე ფიქრობს, რომ პოლიტიკური აქტორების ჩართვის გარეშე სააკაშვილი გათავისუფლდება და დეპოლარიზების საკითხი გადაიჭრება
დღეს, 1 დეკემბერს, ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას.

ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები