250 ლარით დააჯარიმეს მძღოლი, რომელმაც ერეკლე II-ის მეფობის დროს აშენებული გალავანი დააზიანა
მძღოლი, რომელმაც სიღნაღში მე-18 საუკუნეში აშენებული გალავნის თაღი დააზიანა, 250 ლარით დააჯარიმეს, საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სატვირთო მანქანამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სიღნაღის ისტორიული გალავნის ერთ-ერთი თაღი, იგივე კარიბჭე ჩამოანგრია. ისტორიული წყაროების მიხედვით, სიღნაღის ციხე-გალავანი 1762 წელს მეფე ერეკლე მეორის გადაწყვეტილებით აშენდა. მისი სიგრძე, დაახლოებით, 4 კილომეტრია.

ადგილობრივების ინფორმაციით, სატვირთო საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან თურქეთში მიდიოდა, ტრანზიტული გზა შეეშალა და შეცდომით სიღნაღის გზაზე მოხვდა.

„ტრაილერი კარიბჭეში ვერ გაეტია და ის მთლიანად ჩამოინგრა“,
- უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

სიღნაღის საკრებულოს წევრი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან", გიორგი ბაბაკიშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრანზიტული სატვირთო ავტომობილი შეცდომით მოხვდა სიღნაღში. მისი მონაყოლის თანახმად, ნავიგაციის სისტემა, რომლითაც მძღოლები სარგებლობენ, არასწორად აჩვენებს, რომ სიღნაღში შემოვლითი გზაა.

ბაბაკიშვილი ამბობს, რომ ამის გამო საკრებულოს სხდომაზე მოითხოვა გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნების დამონტაჟებაც, თუმცა უშედეგოდ. ამას უარყოფს სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, თუმცა შესაბამისი საგზაო ნიშნების დაყენების აუცილებლობაზე ისიც საუბრობს.

ადგილობრივი ისტორიკოსი აკაკი მჭედლიშვილი ამბობს, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ჩამონგრეული გალავნის და კარიბჭის აღდგენა და პროცესში მხოლოდ სპეციალისტები უნდა ჩაერთონ.

სიღნაღის მერის, მალხაზ ბეგიაშვილის თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები და აღდგენითი სამუშაოები მათი უშუალო ზედამხედველობით დაიგეგმება. რადიო თავისუფლება ცდილობდა მომხდარზე მოესმინა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პოზიციაც, თუმცა უწყებაში კომენტარზე უარი თქვეს.

მეფე ერეკლე მეორის დავალებით აშენებული გალავნის დაზიანებული ნაწილი სიღნაღიდან სოფელ ანაგისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ნანგრევები გზის სავალი ნაწილიდან გატანილია.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print