საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი მკვეთრად იზრდება
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება. ერთი თვის განმავლობაში ოქრო, დაახლოებით, 11%-ით გაძვირდა და ამჟამად ერთი უნცია 1,799 დოლარი ღირს, რაც აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ოქროს ღირებულება განსაკუთრებით გაიზარდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ და 2,000 დოლარსაც კი გადააჭარბა, თუმცა მას შემდეგ საგრძნობლად, 1627 დოლარამდე ჩამოვიდა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც დოლარის კურსის გამყარება იყო.

როგორც წესი, დოლარის ღირებულების ზრდა სხვა ვალუტებთან მიმართებით ძვირფასი ლითონების ფასზე უარყოფითად მოქმედებს, რადგან, ნაკლები რისკებიდან გამომდინარე, ინვესტორები საკუთარი აქტივების დაბანდებას სწორედ მდგრად ამერიკულ ვალუტაში ამჯობინებენ. დოლარის გაიაფება კი პირიქით, ოქროს აძვირებს.

უშუალოდ ამჟამინდელი ზრდის ტენდენცია აშშ-ს ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას უკავშირდება. კერძოდ, Fed-ის თავმჯდომარემ, ჯერომი პაუელმა დააანონსა, რომ მომდევნო სხდომაზე საპროცენტო განაკვეთები წინასთან შედარებით ნაკლებად გაიზრდება. ამ სიახლემ დოლარის კურსზე იმოქმედა და ვალუტის 1%-ზე მეტით გაიაფება გამოიწვია, რაც ოქროს ფასზეც აისახა.

ექსპერტები მოელიან, რომ ფედერალური რეზერვი ამ თვეში განაკვეთებს 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის, წინა ზრდა კი 75-პუნქტიანი იყო.

იზრდება სხვა ლითონების ფასებიც - საერთაშორისო ბაზარზე 1 უნცია ვერცხლი ამჟამად 22.8 დოლარი ღირს, 1 უნცია პლატინა კი 1,043 დოლარი.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები