ალექსეი ნავალნიმ მხარდაჭერა გამოუხატა ტელეარხ „დოჟდს“
რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც პატიმრობას იხდის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, მხარდაჭერა გამოუხატა ტელეარხ „დოჟდს“.

ტელეარხის რედაქციას ლიცენზია შეუწყვიტეს ლატვიაში, გადაწყვეტილება მიღებულია ლატვიის ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით. პოლიტიკოსმა არხს უწოდა „ამ ომის შესახებ სიმართლის წყარო რუსეთში მილიონობით ადამიანისთვის.“

ოპოზიციონერის გამონათქვამი ტვიტერში გამოქვეყნდა მის გვერდზე. „მინდა მხარდაჭერა გამოვუხატო ‚დოჟდს‘“, - დაწერა მან. „ეს არის კერძო დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომელთანაც ვთანამშრომლობ მისი დაარსების მომენტიდან.“ მან აღნიშნა, რომ რედაქციამ, მისი შეფასებით, უკომპრომისოდ დაგმო „პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ“.

„მიმაჩნია, რომ ‚დოჟდისთვის‘ ლიცენზიის ჩამორთმევის თაობაზე ლატვიის ხელისუფლების გადაწყვეტილება არის შეცდომა და ის ემყარება არასაკმარის ინფორმაციას“,
- დაწერა ნავალნიმ და აღნიშნა, რომ ხელისუფლების უფლებაა, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.

„მე მწამს ევროპული დემოკრატიისა და ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოოდ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ყველა ფაქტორის გათვალისწინებით“, -
დაწერა მან.

„დოჟდისთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ 6 დეკემბერს გახდა ცნობილი. ლატვიის ელექტრონული მასმედიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, ივარ აბოლინშის თქმით, რეგულატორმა მიიჩნია, რომ არხის ხელმძღვანელობა არ აცნობიერებს დარღვევის მნიშვნელობას.

გადაწყვეტილება 7 დეკემბერს ღამით შევა ძალაში. ლიცენზიის ჩამორთმევის შემდეგ „დოჟდი“ ვეღარ შეძლებს მაუწყებლობას არა მხოლოდ ლატვიაში, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც. არხი არ იტყობინება, გეგმავს თუ არა გადაწყვეტილების გასაჩივრებას. გენერალურმა დირექტორმა ნატალია სინდეევამ განაცხადა, რომ რედაქცია სხვა ქვეყანაში მოიპოვებს ლიცენზიას.

1 დეკემბერს საღამოს "დოჟდის" პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „აქ და ახლა“, ჟურნალისტმა ალექსეი კოროსტილიოვმა მაყურებელს მოუწოდა, რომ მობილიზაციის დროს მომხდარი დარღვევების თაობაზე აცნობონ ტელეკომპანიას, რომელსაც შეუძლია აღჭურვილობით დაეხმაროს ფრონტზე მყოფ რუს ჯარისკაცებს.

2 დეკემბერს ლატვიის უშიშროების სამსახურმა დაიწყო გამოძიება „დოჟდის“ მიმართ და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის ნებისმიერი მხარდაჭერა მიუღებელია მედიაორგანიზაციისთვის, რომელიც ლატვიაში მუშაობს.

2 დეკემბერს ტელეკომპანია “დოჟდმა“ტელეწამყვან ალექსეი კოროსტილიოვთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

6 დეკემბერს ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) ტელეკომპანია „დოჟდს“ მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა.

„დოჟდს“ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვს.

6 დეკემბერს, არხისთვის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, "დოჟდის“ გენერალურმა დირექტორმა ნატალია სინდეევამ თანამშრომლის გათავისუფლების გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა და ინსტაგრამის არხზე ემოციური ვიდეო გაავრცელა.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print