თბილისის ბიუჯეტი იზრდება - 2023 წელს ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ 632 მილიონი ლარი იქნება
"თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია საკრებულოში უკვე გაგზავნილია და მისი ოდენობა მილიარდ 632 მილიონ ლარს შეადგენს" , - ინფორმაცია ბიუჯეტის ზრდის შესახებ საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა. თბილისის მთავრობამ ბიუჯეტის გასაზრდელად ტრანსფერები მიიღო ფინანსთა სამინისტროდან და სესხი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან. კალაძის თქმით, 2023 წელს სხვადასხვა პროგრამის განსახორციელებლად თბილისის მთავრობისთვის ჯამში, მილიარდ 768 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.

„საკრებულოს წარვუდგინეთ ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია და ეს არ ყოფილა საბოლოო ვერსია. ვაწარმოებდით მოლაპარაკებას ფინანსთა სამინისტროსთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომ მომხდარიყო დამატებითი ტრანსფერის განხორციელება იმისთვის, რომ ყველა ის დაპირება, რაც გვაქვს, ეტაპობრივად შესრულდეს. ჩვენთვის, ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის ამ პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საბოლოო ბიუჯეტი განისაზღვრა მილიარდ 632 მლნ ლარით. შეგახსენებთ, 2022 წელს ეს თანხა შეადგენდა მილიარდ 560 მილიონ ლარს. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროსგან მისაღებ ტრანსფერს, ის 440 მილიონ ლარს, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღები სესხი შეადგენს 136 მილიონ ლარს. მთლიანობაში 2023 წლის ბიუჯეტი იქნება მილიარდ 768 მილიონი ლარი“,
- აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის თქმით, მომდევნო წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქისთვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება.

2023 წელს, კახა კალაძის განცხადების მიხედვით, თბილისს ასეთი გეგმები აქვს:

530 მლნ ლარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა-განვითარებას მოხმარდება. 2023 წლისთვის დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტები, როგორებიცაა: 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა; წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლება; დიდუბის ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩის, მშვიდობის ხიდის, სულხან-საბას, ინგოროყვასა და წინამძღვრიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია.

ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-ექსპლუატაციისა და ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლებისთვის 243 მლნ ლარი გამოიყოფა;

ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის -211 მლნ ლარი. მოხდება ვაზისუბნის, ციციშვილის, მუხიანის, პირველი რესპუბლიკის პარკების რეაბილიტაცია. რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაციაა დაგეგმილი სამგორსა და ისანში, ასევე სამგორში მოეწყობა ახალი პარკი.
ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით თბილისის ბიუჯეტში 2023 წელს გამოყოფილია დაახლოებით 500 მლნ ლარი.

2023 წელს ქალაქის მთავრობა "თბილსერვის ჯგუფისთვის" ახალ ტექნიკას შეიძენს.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები