რა ეტაპზეა და როდის დასრულდება წყლისა და წყალარინების მშენებლობა მარნეულში
დაახლოებით ერთი თვეა, რაც მარნეულში წყლისა წყალარინების სისტემის მშენებლობა განახლდა.

სამუშაოები ოთხ დამოუკიდებელ პროექტად ხორციელდება. რა ეტაპიდან დაიწყო მარნეულში წყალარინების სისტემის განახლებული მუშაობა, რა ეტაპზეა სამუშაობი, კონკრეტულად რომელ ლოკაციებზე მიმდინარეობს და რა სახის სამუშაოები ტარდება, რადიო "მარნეულის" ამ კითხვებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, გუგა კაკაბაძე პასუხობს.

გუგა კაკაბაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტშიმ ამ ეტპზე სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა არის ადგილები, სადაც ფიზიკური სამუშაოები უკვე დაწყებულია. მათ შორის არის სოფელი წერეთელი.

"ორი თვის განმავლობაში მოსალოდნელია მთელი ქალაქის მასშტაბით სრული დატვირთვით დაიწყოს სამუშაოების განხორციელება. ამ ეტაპზე, ქალაქ მარნეულში და მიმდინარე სოფლებში, სადაც არის დაგეგმილი ერთ-ერთი მათ შორის წყალმომარაგების კუთხით არის გათვალისწიებული სოფელ წერეთელში სამუშაოები, სადაც მიდინარეობს ახლა არსებული მილების დატესტვის სამუშაოები და დარჩენილი ნაწილის მოწყობის სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალური რეზერვუარის მშენებლობის სამუშაოები და უკვე მომდევნო კვირიდან უშუალოდ წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები იწყება დაახლოებით ოთხ ლოკაციაზე. მათ შორის არის ნაზიმის ქუჩა და ნარიმანოვის ჩიხები. ფიზიკურ სამუშაოებთან ერთად, დამატებით მომავალი კვირის განმავლობაში სამ-ოთხ ლოკაციაზე იქნება სამუშაოები. მომდევნო ორი თვის განმავლობაში იგეგმება, რომ სრულად მთელი ქალაქი იყოს მოცული და დაახლოებით 100 ადამიანი იყოს ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში" - თქვა გუგა კაკაბაძემ

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილის თქმით, აღნიშნული სამუშაოების პარალელურად სოფელ საბირქენდში მიმდინარეობს წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება 2023 წლის ბოლოსათვისაა გათვალისწინებული. რაც შეეხება წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტს, დასრულების თარიღად 2024 წელია განსაზღვრული.

"მთლიანობაში მარნეული (მთელი ქალაქი), მათ შორის მიმდებარე სოფლები, სადაც წყალმომარაგების და წყალარინების ინფრასტრუქტურული სამუშაოები არის გათვალისწინებული, 2024 წლის პირველ ნახევარში იქნება სრულად დასრულებული, თუმცა ეტაპობრივად, ექვს ლოტად არის ჩაშლილი. ეტაპობრივად თითოეული ლოტი გარკვეულ ეტაპებზე იქნება დასრულებული და შესაბამისად, არ იქნება ისე, რომ მთელი სამუშაოები 2024 წლამდე იქნება გაწერილი" - თქვა გუგა კაკაბაძემ

სამუშაოების ფარგლებში ეწყობა წყალმომარაგები ახალი ქსელი, სატუმბო სადგური და რეზერვუარები. დამატებით მოეწყობა წყალარინების ახალი ქსელი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

პროექტის შედეგად, მარნეულის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

აღსანიშანავია, რომ მარნეულშ წყალმომარაგების სისტემის ცვლილებაზე მსჯელობა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო. ოთხი წლის წინ, მარნეულის მუნიციპალიტეტის 35 200-მდე მაცხოვრებელს, სასმელი წყლის 24 საათის განმავლობაში მიწოდებას დაჰპირდნენ. პროექტის განხორციელება ქალაქ მარნეულსა და სოფლებში 2019 წელს დაიწყო. გადაითხარა გზები, აიყარა მილები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ამორტიზებული გზების გამო გაფუჭდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ადგილობრივების ავტომობილები. პროექტი კომპანია „Akelik Group”-ს 2021 წლის მარტამდე უნდა დაესრულებინა, მაგრამ კომპანიამ მასზე დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულა რის გამოც 55 940 022 დოლარის ღირებულების პროექტი შეჩერდა. „აკელიკ გრუპმა“ ხელფასები ვერ გადაუხადა დასაქმებულებსაც, რის გამოც კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო პროცესებიც დაიწყო, რომელის შედეგადაც კომპანიას 9 დასაქმებულისათვის ხელფასების გადახდა დაეკისრა.

Print