დაკავებულია პირი, რომელმაც 10 ადამიანისგან მოტყუებით 119 030 ლარი მიითვისა - პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ბრალდებული დაზარალებულებს არწმუნებდა, თითქოსდა როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, ფულადი თანხების – 3000 – 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ამავე უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეეძლო. ასევე, ბრალდებული სარგებლობდა რა დაზარალებულების ნდობით, ატყუებდა მათ, თითქოს არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, მას სტუდენტებისთვის თბილისში ბინების მინიმალურ ფასად, დაახლოებით 7 000-11 000 ლარის სანაცვლოდ გადაცემა შეეძლო. ბრალდებული აღნიშნული სქემის გამოყენებით, 10 დაზარალებულის ფულად თანხას – ჯამში 119 030 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 21 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და დიდი ოდენობით; 10 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: პუბლიკა
Print