ოთხმა ქვეყანამ ევროკომისიას აზერბაიჯანული გაზის მიწოდების გასაზრდელად დაფინანსების თხოვნით მიმართა
უნგრეთმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა და სლოვაკეთმა ევროკომისიას მოუწოდეს, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის თანხა გამოყოს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიარტომ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაილ ჯაბაროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რასაც სააგენტო Trend-ი ავრცელებს.

მინისტრის თქმით, საუბარია ახლი ინტერკონექტორების მშენებლობასა და არსებულთა გამტარუნარიანობის გაზრდაზე. უნგრელ დიპლომატს მიაჩნია, რომ ევროკავშირში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების მოცულობის გასაზრდელად ევროპაში ინტერკონექტორების რაოდენობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს.

პეტერ სიარტოს თქმით, უნგრეთი მიესალმება აზერბაიჯანის გეგმას, 2027 წელს ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების გაორმაგების შესახებ.

ცნობისათვის, ტრანსადრიატიკის მილსადენი, ანუ TAP გაზის სამხრეთ დერეფნის ევროპული ნაწილია, რომლითაც იტალიას ყოველწლიურად 8 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო საბერძნეთსა და ბულგარეთს სათითაოდ მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება.

TAP ტრანსანატოლიური მილსადენის, ანუ TANAP-ის (Trans-Anatolian Natural Gas Pipeline) გაგრძელებაა. TANAP აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით გადის. ამ მილსადენით გაზის ტრანსპორტირება აზერბაიჯანის შაჰდენიზის საბადოდან საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთით ხდება.

TAP-ით აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ისტორიაში პირველად აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. Trend-ის შეფასებით, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება ევროპის ბაზარზე პირდაპირი წვდომით შეძლო, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოს უდიდესი იმპორტიორია.

წყარო: BPN
Print