უკრაინის საგარეო: საქართველოს ელჩმა დაგვარწმუნა, რომ რუსეთთან ფრენების განახლებას არ აპირებენ
უკრაინის საგარეო უწყება უკრაინაში საქართველოს ელჩთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„მინისტრის მოადგილემ გამოთქვა იმედი, რომ საქართველო პოზიციას შეიცვლის და შეუერთდება პარტნიორებს, რომლებიც უკრაინას შეიარაღებასა და სამხედრო აღჭურვილობას აწვდიან და რომ თბილისი შეუერთდება ყველა სანქციას, რომელიც ევროკავშირმა აგრესორ ქვეყანას დაუწესა.

ამ კონტექსტში, მან გამოხატა შეშფოთება, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობის ინფორმაციის შესახებ. ელჩმა დაარწმუნა, რომ საქართველოს არ აქვს განზრახვა, რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენები აღადგინოს.

ევგენ პერებინისმა უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების საკითხიც დააყენა და ქართულ მხარეს სთხოვა განიხილოს მისი უკრაინაში ან მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის შესაძლებლობა“,
– ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით საფრთხეს ვერ ხედავს.

უწყებამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევგენი პერებიინისს შეხვდა.

„შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხებზე, ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. უკრაინულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე ომის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მათ შორის უკრაინის მხრიდან გამოითქვა მადლიერება უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ უკრაინა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობელია ქართული მხარის მიმართ, უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის და საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს“,
- ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: პუბლიკა
Print