საქართველო საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა მიხედვით მე-4 ადგილზეა - რამდენმა ადამიანმა ითხოვა ლტოლვილის სტატუსი
საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. 2022 წელს ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსზე პირველადი განაცხადი საქართველოს 8 100-მა მოქალაქემ გააკეთა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 114%-ით მეტია. შესაბამისად, საქართველო, ავღანეთთან, ბანგლადეშთან და თურქეთთან ერთად, იმ ქვეყნების სიაში აღმოჩნდა, საიდანაც 2022 წელს საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ ყველაზე მეტი განაცხადი შევიდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული იმიგრაციის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნის პრეფექტურებში თავშესაფრის შესახებ 137 046 პირველადი განაცხადი, ძირითადად, ავღანეთიდან (17 000 განაცხადი), ბანგლადეშიდან (8 500 განაცხადი), თურქეთიდან (8 500 განაცხადი) და საქართველოდან (8 100 განაცხადი) შევიდა. ამასთან, 19 000-ზე მეტი განაცხადი უარის გადახედვას შეეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საფრანგეთში თავშესაფარი საქართველოს 3 785-მა მოქალაქემ ითხოვა, საიდანაც მხოლოდ 93 განაცხადი დაკმაყოფილდა.

უწყების ცნობით, 2022 წელს ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 31,3%-ით გაიზარდა.

გასულ წელს მკვეთრად გაიზარდა ბინადრობის მოწმობების გაცემაც. პირველივე მოთხოვნით 320 000 განაცხადი დაკმაყოფილდა, რაც, 2021 წელთან შედარებით, 17%-ით მეტია. აქედან 108 000-ზე მეტი ქვეყანაში ჩასული სტუდენტია.

ამასთან, 2021 წელთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა ლეგალიზებული არალეგალი იმიგრანტების რაოდენობაც: 2022 წელს ფრანგული დოკუმენტაცია 34 000-ზე მეტ პირს გადაეცა.

ასევე, გაიზარდა წარმომავლობის ქვეყნებში დაბრუნებულთა რიცხვიც: 2022 წელს საფრანგეთიდან თავის ქვეყანაში 15 396 იმიგრანტი დაბრუნდა, რაც წინა წელთან შედარებით, 2 000 კაცით მეტია. მათი უმეტესობა ხელისუფლების მიერ იძულებით დეპორტირიებული პირები არიან, რაც, პირველ რიგში, უცხოელ კრიმინალებს შეეხო.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები